მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვუსმინოთ სამედიცინო სექტორს" - ლევან კობერიძის მიმართვა დიმიტრი ხუნდაძეს

5ef99d9cb9d3e
ინგა მურუსიძე
29.06.20 12:00
1149
"ჯანდაცვის მინისტრი იყო პარლამენტში ყავაზე და შოკოლადზე, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ საქმიანად მოვიდეს", - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძე გასულ კვირას უმაღლეს საკნონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტით, უწყება სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმების უფლებას ითხოვდა, რაც სამედიცინო სექტორთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, არც ჯანდაცვის და არც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მოიწონეს. საბოლოოდ, გასულ კვირას რომან კაკულიას კომიტეტმა კანონ-პროექტს ორი დათქმით დაუჭირა მხარი - გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდებოდა და მეორე - სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება. იმავე დღეს, 25 ივნისს პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძე მივიდა, მაგრამ ის არა - კლინიკების წარმომადგენლებს და ექიმებს, არამედ მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდა და თან - სხვა თემაზე.
ლევან კობერიძემ დიმიტრი ხუნდაძეს ეკატერინე ტიკარაძის სწორედ ეს ვიზიტი შეახსენა და უთხრა, რომ "დახურულ კარს მიღმა მისვლა არაფერს ნიშნავს, რადგან საჭიროა, საქმიანი საუბარი".

"1 წელია მინისტრი ვერ მოგიყვანიათ პარლამენტში. რბილად ვსაუბრობ კიდევ. ორი დღის წინ იყო ყავაზე და შოკოლადზე მოსული. ყავა და შოკოლადი ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ მინისტრი იმისთვის არის, რომ მოვიდეს ფრაქციის სხდომაზე და საქმიანად ვისაუბროთ, - მიმართა ხუნდაძეს კობერიძემ.

გარდა ამისა, დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომლის განხილვაც ხვალ, 30 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა შედგეს, დარგთან კონსულტაციების შემდეგ გაიმართოს. 

„ხვალ, ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ლიცენზიების შესახებ და ა.შ. რამდენიმე კანონში ცვლილებების პროექტი გამოდის. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენა უკვე გაიმართა, თუმცა დარგის სპეციალისტებს ნაკლებად მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ მოსაზრებები. მინდა გადმოგცეთ სამედიცინო სექტორის თხოვნა, იქნებ ეს კანონპროექტი წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ იყოს მიღებული. პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, ყველა ჰპირდება ამ ადამიანებს, რომ კონსულტაციები იქნება და მერე აღარ უსმენენ. მოგმართავთ თხოვნით, პირველ რიგში, სექტორთან დაინიშნოს შეხვედრა, თუნდაც დახურული, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და შემდეგ შევიტანოთ ცვლილებები კანონში. მოგმართავთ კომიტეტის წევრებს, კოლეგიალურად მოვეკიდოთ ამ საკითხს. ფორმატი იყოს გნებავთ დახურული, გნებავთ ღია", - მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან კობერიძემ.

ის, ასევე, ამბობს, რომ დარგთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და მართალია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეხვედრა კი შედგა, თუმცა კლინიკების ხელმძღვანელებს არავინ მოუსმინა.

„ვიდრე კლინიკებს მოუსმენდით, მანამდე თქვენც (დიმიტრი ხუნდაძე) და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც გადაწყვიტეთ, რომ კენჭისყრა ჩაგეტარებინათ კლინიკების ხელმძღვანელების მოსმენის გარეშე. მხოლოდ რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი იჯდა და უსმენდა კლინიკების ხელმძღვანელებს. არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. დროის არ ქონის გამო თქვენც ვერ მოუსმინეთ მათ. კლინიკების ხელმძღვანელებისთვის დეტალურად არავის მოუსმენია და არც არანაირი შეთანხმება ყოფილა. რაც შეეხება სასამართლოს საკითხს, მხოლოდ ეს ცვლილება ვერ ასახავს დარგის პოზიციას. დარგთან ეს საკითხი განხილული არ ყოფილა“, - მიმართა ხუნდაძეს ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სამინისტროს მიზანი კლინიკების დასჯა არაა.