22.დეკემბერი .2020 09:00

"მშენებარე სასტუმროები უყურადღებოდ დაგვრჩა, არ დავხმარებივართ“ - ბეჟან წაქაძე

"მშენებარე სასტუმროები უყურადღებოდ დაგვრჩა, არ დავხმარებივართ“ - ბეჟან წაქაძე
views 1113
უკან

„ქართული ოცნების“ ბიზნესმენი დეპუტატის ბეჟან წაქაძის განცხადებით, მთავრობა მშენებარე სასტუმროებს აუცილებლად უნდა დაეხმაროს, რადგან მათთვის პოსტ-პანდემიური პერიოდი რთული იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა.

„სასტუმროების დახმარება განვახორციელეთ, მაგრამ ძალიან უყურადღებოდ დაგვრჩა მშენებარე სასტუმროები, რომლებსაც, ფაქტობრივად, არც დავხმარებივართ. ამ ადამიანთა რიცხვი დიდია და ისინი ძალიან ცუდ დღეში არიან. ჩვენ თუ გვინდა განვითარება, რაღაც შეღავათები მათაც უნდა მივცეთ.

მოქმედ სასტუმროებს დავეხმარეთ, ხოლო მშენებარეებისთვის არაფერი გაგვიკეთებია, როდესაც მათ გაცილებით მეტი სჭირდებათ, რადგან მშენებლობაც დასასრულებელი აქვთ და მეტი თანხები დასჭირდებათ, როდესაც პანდემია გადაივლის“, - განაცხადა პარლამენტარმა.

ცნობისთვის: ბეჟან წაქაძის კომპანია GDG ჯგუფი თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებდა. როგორც მარტში ბიზნესმენი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებდა, რამდენიმე სასტუმროში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ნაწილში მშენებლობა მხოლოდ მდგომარეობის დასტაბილუტების შემდეგ აღდგება.

„ჩვენ ერთი სასტუმრო „ბროსე გალერი“ თბილისში დეკემბერში გავხსენით, იფუნქციონირა 2 თვე და ახლა დაიკეტა; მეორე სასტუმრო ახლა, აპრილის 20-თვის უნდა გაგვეხსნა, მშენებლობა დასრულებულია და ველოდებით, რომ ავეჯი ჩამოგვივიდეს და კეთლმოვაწყოთ ინტერიერი, თუმცა როდის გავხსნით, არ ვიცით, იმიტომ რომ ის სასტუმროც დავკეტეთ, რაც დეკემბერში გავხსენით. მეორე სასტუმრო თბილისში, უკლებას ქუჩაზე უნდა გახსნილიყო „ძველი სახლის“ სახელწოდებით, მაგრამ ახლა ამ მდგომარეობის გამო მის გახნას აზრი არ აქვს; აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა სრულდება და უნდა გადავსულიყავით რემონტის სამუშაოებზე, თუმცა ამას შევაჩერებთ; ასევე შევაჩერეთ სასტუმროს მშენებლობა თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე - დავასრულეთ ფასადების მოწყობა და გავჩერდით. ამ ორ სასტუმროში შიდა სამუშაობი არ გაგრძელდება, სანამ ყველაფერი არ გადაივლის. რაც შეეხება ვანში მშენებარე სასტუმროს, იქ მშენებლობის სამუშაოები დავასრულეთ და ახლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაობი“, - აცხადებდა ბიზნესმენი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა