მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიოში არსად არის რძის ისეთი მაღალი ფასი, როგორიც - ჩვენთან"

5e3fedd50c9b1
ანი ციხისთავი
09.02.20 18:25
2616
კომპანია "ცივის ყველის" დამფუძნებელმა გოჩა ღაღაშვილმა BM.GE-სთან ადგილობრივი ყველის მწარმოებლების სირთულეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ღაღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველის მწარმოებლებისთვის მთავარ პრობლემას ადგილობრივი რძის მაღალი ფასი წარმოადგენს.

"მსოფლიოში არსად არის რძის ისეთი მაღალი ფასი, როგორიც - ჩვენთან. ჩვენ გვინდა, რომ ყველი საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ იქ არსებულ პროდუქციას კონკურენცია გავუწიოთ, ხარისხითა და ფასით. ხარისხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული გვაქვს, თუმცა ფასი ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს", - აღნიშნავს ღაღაშვილი.

"ცივის ყველის" დამფუძნებლის თქმით, რძის ფასის დაწევა, თვითონ რძის მწარმოებლებისთვისაც უკეთეს შედეგებს მოიტანს.

ღაღაშვილის განცხადებით, იმპორტირებული რძე სტაბილური და იაფია, ხოლო ადგილობრივი რძე სეზონურია და მისი ფასი ბევრად უფრო მაღალია. მისი თქმითვე, ადილობრივმა რძემ სწორედ იმპორტირებულ, ირანულ რძეს უნდა გაუწიოს კონკურენცია.

"ყვირიან: დაბინძურებულიაო, კონკურენციას ვერ ვუწევთო... დაწიონ ფასი და გაყიდიან თვითონაც", - აცხადებს "ცივის ყველის" დამფუძნებელი.

გოჩა ღაღაშვილი ვარაუდობს, რომ მწარმოებლები ძროხის საკვებს ყიდულობენ და რძეს აწარმოებენ. "ცივის ყველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ რძის მწარმოებლები თუ ძროხის საკვებს თვითონვე მოიყვანენ, მაშინ ეს ნახევარი ფასი დაუჯდებათ და თუ ცოტა მოგებასაც მოიკლებენ, რძის გაიაფებასაც შეძლებენ.

ღაღაშვილის თქმით, ქართული ყველის კომპანიები ძირითადად ადგილობრივი წარმოების წახალისებას ცდილობენ და იმპორტირებულ ყველს არ იყენებენ.

"ამის მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები რძის ფასს ისე ზრდიან, რომ მალე ყველის მწარმოებლები იძულებული გავხდებით საკუთარი ფერმები შევქმნათ და თვითონ ვაწარმოოთ რძეც, რაც სულაც არ მინდა", - აცხადებს გოჩა ღაღაშვილი.

ყველის მწარმოებლის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აქამდე ყველაზე მეტად აწუხებდათ ყველის მწარმოებლებს, "ბებოს ყველს ამოფარებული მწარმოებლები" იყვნენ. 2020 წლიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც არარეგისტრირებულ მეწარმეებს საქმიანობა აეკრძალათ.

"რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემა ასე სწრაფად ვერ მოგვარდება, თუმცა, გარკვეულ პერიოდში ეს რეგულაცია აუცილებლად გამოიღებს შედეგებს", - აღნიშნავს "ცივის ყველის" დამფუძნებელი.