მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსხვილი ბიზნესი მთავრობასთან შეხმატკბილებულია, ერთმანეთსაც ამხნევებენ, თუმცა ასე იყო ყოველთვის"

5f9a936d2b7b9
ინგა მურუსიძე
29.10.20 19:48
866
არჩევნებამდე 3 დღე დარჩა. მოსახლეობა 31 ოქტომბერს ახალ პარლამენტს აირჩევს. ერთ-ერთი პარტია, რომელსაც იმედი აქვს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კვლავ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, „ქართული ოცნებაა“.

Bm.ge-მ დარგის სპეციალისტებს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებენ ისინი ოცნების 4/8 წლიან მმართველობის ეკონომიკურ პოლიტიკას და რა ძირითადი მესიჯების მოსმენა სურდათ წინასაარჩევნოდ.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს უჭირს რაიმე კონკრეტული დადებითი და უარყოფითი კომპონენტები ჩამოთვალოს: 

„ის ეკონომიკური ზრდა, რაც ამ პერიოდში გვქონდა და რასაც ჰქონდა ობიექტური, ასევე საგარეო ფაქტორები, არ არის საკმარისი. ანუ, ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო მთელი ამ რვა წლის მანძილზე და ვერ გავაკეთეთ, რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ეკონომიკური ზრდის გარეშე ბევრს ვერაფერს შევძლებთ.

რაც შეეხება დადებითს, აქ კიდევ უფრო ცუდად არის საქმე - ერთადერთი, რაც მახსენდება, ცოტა შემცირებულია უკიდურეს სიღარიბეს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი, თუმცა ცალსახად ამ მაჩვენებელზე დაყრდნობა რთულია, რადგან სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიები შეიცვალა.

კარგია ვიზალიბერალიზაცია და ცოტა ეკონომიკური შედეგიც აქვს ამას. ხალხმა უფრო ნახა რა არის ევროპა და ა.შ. დაიწყო მოგზაურობა. იაფი ფრენების შემოყვანაც ამასთან არის დაკავშირებული, რაც ცალსახად პოზიტიური ამბავი მგონია“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნების“ მთავრობის მოქმედებას, სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესი და მთავრობა შეხმატკბილებული არიან, ერთმანეთსაც ამხნევებენ, თუმცა ასე იყო ყოველთვის, წინა ხელისუფლების დროსაც და ასეა დღესაც.

„მსხვილი ბიზნესი ხელისუფლებისგან იღებს დახმარებებს, თუმცა აქაც არის ბევრი საეჭვო გარემოება. რაც შეეხება მცირე ბიზნესს, არის პროექტები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გრანტებს გასცემს, მაგრამ რეალურად, ამის შესახებაც არ მომხდარა ანალიზი, თუ რა შეიცვალა პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტებით. ეს კი არასწორია. ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ ამ დახმარებებს, ხელშეწყობებს და გრანტებსაც ერთიდაიგივე ადამიანები იღებენ“, - ამბობს ეკონომიკური სკოლის დეკანი.

სოსო ბერიკაშვილმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა.

„რაღა დროს წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენა იყო ამ ბოლო დღეებში? - აღარაფერში ჯდება ეს. კომიკური ამბავია და არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ორ დღეში არჩევნებია და „ქართულმა ოცნებამ“ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოდო წინასაარჩევნო პროგრამა. ამ რამდენიმე დღეში როგორ უნდა მოესწროს პროგრამის წაკითხვა? მიზეზი არ ვიცი, რატომ არ მოხდა პროგრამის წინასწარი პრეზენტაცია და განხილვები ამომრჩეველთან. ალბათ იმიტომ, რომ სათქმელიც არაფერი ჰქონდათ, თორემ რომ ჰქონოდათ, იტყოდნენ. რა უნდა პროგრამის მარტივი კონცეფციის ჩამოყალიბებას?“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.