მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსხვილი პროექტები საქართველოში დასრულდა” – გიორგი ხიშტოვანი FDI-ის გამოწვევებზე

5f5bbddf25266
თამთა ჯიჯავაძე
11.09.20 23:30
1469
ვიცით, რამდენად დამოკიდებულია საქართველო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და ვიცით, რომ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგებით, – ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხიშტოვანმა აღნიშნა, საქართველო ღია ტიპის ეკონომიკაა და ძირეულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა.

„სირთულეებია დაკავშირებული მიმდინარე პანდემიასთან და იმ ტრენდთან, რასაც ვაკვირდებით ბოლო წლებში. პირველი – მსხვილი პროექტები, როგორც ასეთი დასრულდა საქართველოში. ხოლო პანდემია მაღალი ალბათობით წელს და მომავალ წელს გამოიწვევს, ერთი მხრივ შიდა ეკონომიკაში მოთამაშე აქტორების ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესის მდგომარეობის გაურესებას, რაც რეინვესტიციების წილს შეამცირებს, ხოლო მეორე მხრივ ის სექტორები, რომლებიც გამოირჩეოდა მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ეს იყო საფინანსო და სამშენებლო სექტორი და ტურიზმი, მაღალი ალბათობით ასევე შემცირდება და შესაბამისად, მნიშვნელობა იმის, რომ ამ საკითხს დღეს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმოს, არის ძალიან მაღალი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მიმდინარე ტრენდით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ადგილი, აუცილებელია ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრა. 

„მსხვილი ბიზნესი იქნება საქართველოში თუ უცხოელი დამკვირვებლები, ამბობენ, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა საქართველოში, უპირველეს ყოვლისა მისი არაეფექტიანობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს იმას რომ ბიზნეს დავები საქართველოში იყოს სანდო“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველ ნახევარში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $409.6 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 25.6%-ით ნაკლებია.

პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოცულობა დღევანდელზე მცირე მხოლოდ 2010 წლის პირველ ნახევარში იყო და ის $387 მილიონს შეადგენდა.

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია?