მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ ანაკლიის პორტის ინვესტიციის ექსპროპრირება გაბედა... პომპეოს მხარდამჭერი განცხადების ფონზე"

5fb536aa99f21
BM.GE
18.11.20 22:00
1364
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ანაკლია", როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფორული საზრისით, არის მსოფლიოს კარიბჭე კავკასიაში და კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში”, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემგანაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიას მშენებლობით, საქართველო იძენს უდიდეს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას.

“საქართველოსათვის ამ დონის ინვესტიცია გულისხმობს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიათა გაძლიერებას. გარდა ამისა, ქვეყანა ამით აცხადებს, რომ შეუძლია შექმნას სატრანსპორტო დერეფანი უდიდესი რაოდენობის ტვირთთა გასატარებლად წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე. ასევე, მათ გადასამუშავებლად და ადგილზე საწარმოებლად. იგულისხმება, სამეგრელოს რეგიონის განვითარება, ასევე ახალი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან საერთო ინტერესისა და ერთად საქმის კეთების საფუძველზე. ეს გახდება ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში აფხაზ და ოს თანამემამულეებთან.

მთლიანობაში, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ანაკლიის პროექტი უნდა იქცეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთკავშირის საფუძვლად. ამერიკა არ შეეგუება, რომ ამჟამინდელმა მმართველმა კლანმა მიიტაცოს ქართული სახელმწიფო. არადა, საფრთხე რეალურია და ეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა კარგად იციან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ოლიგარქიული მმართველობა, რომელმაც გახრწნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, წაართვა ამომრჩეველს ფუნდამენტური უფლება - არჩევანის უფლება. ეს სუფთად რუსული სცენარია, რასაც ამერიკა მთელს მსოფლიოში ეწინააღმდეგება,”-აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცების და მისი დეგრადირების მცდელობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა.

“ხელისუფლებამ გააჩერა პროექტი, რომლის მხარდამჭერები და კონტრიბუტორები იყვნენ ამერიკული და ევროპული კომპანიები, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს ურთულეს რეგიონში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ ოთხ კილომეტრში. "ქართული ოცნების" მთავრობამ ამ ინვესტიციის და სხვა ინვესტორთა შენატანის ექსპროპრირება გაბედა და ეს მოხდა თვით სახელმწიფო მდივან, პომპეოს ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი განცხადების ფონზე. მაიკ პომპეომ მოგვიწოდა, სასწრაფოდ დავასრულოთ ანაკლია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, ანაკლიის პორტის პროექტის საკითხი მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორმა დააყენა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო სექტორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოისმინა.