მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ თავად შეასრულოს რეკომენდაციები, ნუ გულაობენ ბანკეტებზე“ - შეფის პასუხი მინისტრს

6076ad569f65d
ინგა მურუსიძე
14.04.21 14:02
1015
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებს, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ დათქმებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა.

ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადებას BM.GE-ისთან საუბარში რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი აფასებს. მისი თქმით, რეკომენდაციები თითქმის ყველგან დაცულია, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც მთავრობასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნის და ღონისძიებებს სწორედ მათთვის მართავენ.

„მე ვფიქრობ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და თავისმა კოლეგებმა თავადვე უნდა შეასრულონ თავისი სიტყვა, დაიცვან რეგულაციები და არ "იგულაონ" შაბათ-კვირას ბანკეტებზე. ჩვენ რა შუაში ვართ? თუ ვინმე არღვევს წესებს, თავად არღვევენ. ცხადია, ეგენი ხურავენ რესტორნებს; ქორწილებს და ქელეხებს იხდიან და რესტორნებიც ალბათ უარს ვერ ეუბნებიან. ვფიქრობ, ჩვენს სექტორს რაც ეხება, გამონაკლისი ალბათ იქნება ისეთი ადგილები, სადაც სახელმწიფოსთან დაახლოებული პირები არიან, რომლებსაც რესტორნები აქვთ და ისინი უხურავენ დარბაზებს მთავრობას, დანარჩენ რესტორნებში რეგულაციები დაცულია“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა რესტორნების დახურვას გადაწყვეტს, გურამ ბაღდოშვილი არ გამორიცხავს, რომ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, რადგან მისი თქმით, ბიზნესი მესამედ ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს.

„მთავრობის მხრიდან რესტორნების დაკეტვა უკვე ნამეტანი თავზე ხელის აღება იქნება. ამ საკითხს ასე არ დავტოვებთ და ვფიქრობ, შესაძლოა, დაუმორჩილებლობა გამოვაცხადოთ. მე ვიქნები ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამას იზამს“, - განაცხადა ბაღდოშვილმა.

შეფის მტკიცებით, მის ყველა ობიექტზე რეკომენდაციები 100%-ით არის დაცული - „იმ ადამიანებს, რომლებიც სარესტორნო ბიზნესში ნამდვილად განსხვავებული კონცეპტით მუშაობენ, რეგულაციები დაცული გვაქვს“.