16.აგვისტო .2019 20:00

"მთავრობას სჭირდება დაამტკიცოს, რომ ლარის გაუფასურება ავიასანქციების ბრალია, მაგრამ ასე არ არის"

views 338
უკან

„ალბათ, ზღვას აკლია ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან, სხვა რა უნდა ვიფიქრო?“ - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემზე კომენტირებისას განაცხადა. კერძოდ, უახლესი სტატისტიკის მიხედვით, ივლისში ტურისტული შემოსავალი $57.8 მლნ-ით შემცირდა.

როგორც კიკნაძე აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია სებ-მა მონაცემები კონკრეტულად რაზე დაყრდნობით დათვალა:

„სიმართლე გითხრათ ტურისტულ შემოსავალს რას უწოდებენ, ესეც არ ვიცი. ეროვნული ბანკი ტურისტულ შემოსავალს როგორ ითვლის?

რა არის ეს ტურისტული შემოსავალი ოპერატორების მიერ დაფიქსირებული თანხები, ვისაც ჯგუფურად და ინდივიდუალურად ჩამოჰყავთ უცხოელი ტურისტები? თუ მთელ ინდუსტრიაში სასტუმროებში და რესტორნებში აღწერილი თანხები?“ - განაცხადა კიკნაძემ.

BMG-ის რეპლიკაზე, რომ წინასწარი უარყოფითი მოლოდინების მიუხედავად ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ დამდგარა, თუმცა მთავრობა ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების ნაკადის რაოდენობაზე მაინც უარყოფით კონტექსტში საუბრობს, საბა კიკნაძე პასუხობს, რომ - „აშკარაა, მთავრობას სჭირდება დაამტკიცოს, რომ ლარის გაუფასურება ამ მოვლენების ბრალია, მაგრამ ეს ასე არ არის.“

რაც შეეხება კრიზისული გეგმის გაჭიანურების საკითხს, „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა დღევანდელი სახელმწიფო აპარატის ქმედითუნარიანობაზე.

„ტურიზმის ადმინისტრაციას მოტივირებული ხელმძღვანელობა ჰყავს, უბრალოდ ისინი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები არ არიან. ისინი არიან უფრო დარგის ხელმძღვანელები. ამიტომ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორც მანამდე, ახლაც ვერ იღებენ,“ - განაცხადა კიკნაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის სექტორის შემოსავლების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. მიმდინარე მაკროეკონომიკური ინდიკატორების დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ $374.7 მილიონის შემოსავალი დააგენერირა, რაც $57.8 მილიონით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა