20.მარტი .2020 16:46

"მთავრობის გადაწყვეტილებების ეფექტურობას რიცხვები ცხადყოფენ" - გიორგი გოცაძე

views 403
უკან

რამდენად ეფექტური იყო მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები, ამას რიცხვები ცხადყოფენ, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გოცაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელებისას მთავრობის მიერ გატარებული ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

"რამდენად ეფექტური იყო მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები, ამას რიცხვები ცხადყოფენ. შევედაროთ ბევრ ქვეყანას, საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში იმიტომ, რომ ამდენი ხანი მოვიგეთ, ჩვენ არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება ისეთი, როგორიც აქვს იტალიას, შვეიცარიას, საფრანგეთს და ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას.

მთავარია, შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და სწორედ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც საუბრობდნენ, ეს იყო ჰოსპიტალური ქსელის მომზადების საკითხი. აქ იყო გარკვეული მოდელირება, რომ მოსალოდნელი დატვირთვები შეგვეფასებინა, რა შეიძლება იყოს და რა ვადაში. მეორე საკითხი ეხება იმას, რომ ჩვენ მოსახლეობამდე ცხადია უნდა მივიტანოთ, მგონია, რომ კორონავირუსი ცოტა აჟიტირებულად არის აღქმული და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ადამიანების 80%-ს ეს დაავადება ისე ემართებათ და ისე გადაიტანეს ყველა სხვა ქვეყანაში, რომ არც დასჭირდათ მკურნალობა, იმიტომ რომ ამის მკურნალობა არც არსებობს", - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართონ კლინიკებს, ვინაიდან მოსალოდნებლია დაავადების გავრცელების ზრდა.

"ჩვენი ვიზიტით არ უნდა დავამძიმოთ ჯანდაცვის სისტემა, სადაც პიკი მოსალოდნელია. პიკი მოვა, ზუსტად არ ვიცით როდის, მაგრამ როდესაც იგი მოვა, სისტემა უნდა გაუმკლავდეს იმ დატვირთვას, რომელსაც მიიღებს, იმისთვის, რომ ამ 20%-ს მოუაროს ადექვატურად და შეუნარჩუნოს სიცოცხლე", - აღნიშნა "კურაციოს" აღმასრულებელმა დირექტორმა.