01.აგვისტო .2020 16:25

"მთავრობის მხრიდან მეტი სტიმული და თავისუფლებაა საჭირო, რომ ბიზნესმა იმუშაოს" - ბიზნესმენი

views 365
უკან

გადამზიდი კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი ვახტანგ ალანია მთავრობის მიერ ეპიდემიის გავლენით შემქნილი მდგომარეობის მართვას არასწორს უწოდებს და მიიჩნევს, რომ რეგიონებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებლები დაბალი იყო, ეკონომიკური საქმიანობა არ უნდა შეფერხებულიყო. მისი თქმით, ხელისუფლებამ კრიზისის პერიოდშიც უნდა შექმნას საჭირო გარემო, რომელშიც ბიზნესი თავისუფლად იმოქმედებს.

„ვთვლი, რომ პროცესები არასწორად იყო მართული, რადგან დასავლეთ საქართველოში ინფიცირების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო და ვფიქრობ, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოში არ ღირდა ეკონომიკის გაჩერება.

ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური კრიზისი, რომლის გამომწვევ მიზეზებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის მოცემულობაა, რაც გვაქვს. დიდი კრიზისების პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველები ამცირებენ გადასახადებს და ბიზნესებს აძლევენ საშუალებას მეტად აქტიურები იყვნენ. მთავრობის მხრიდან მეტი სტიმული და თავისუფლებაა საჭირო, რომ ბიზნესმა იმუშაოს. სად არის თავისუფლება, სადაც წელიწადნახევარი ველოდები ახალი საწარმოს ასამოქმედებლად ერთი დოკუმენტის დამტკიცებას, როდესაც პირიქით უნდა ეთხოვათ და საჭირო გარემო შეექმნათ ოღონდ ჩვენ გვემუშავა“, - აცხადებს ვახტანგ ალანია.

„სოფმარის“ დირექტორი ამბობს, რომ დღეს მთავრობის მხრიდან მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა დაგვიანებულია.

„უნდა მოეწვიათ გამოცდილი ექპერტები უცხოეთიდან, ახლა რომ მუშაობენ უკვე დაგვიანებულია, უნდა ემუშავათ თავიდანვე, როდესაც კრიზისი იწყებოდა.

ჩვენთან პროგნოზირებადი ეკონომიკა არ არის. დღეს ჩვენ მივიღეთ ზომები და რა გავლენას იქონიებს ეს ეკონომიკაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამის პროგნოზს ვერავინ აკეთებს“, - განმარტავს ბიზნესმენი.