მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტების" ამოქმედებას ობიექტები, ძირითადად, მზად შეხვდნენ - ბექა ფერაძე

61a743d5c5a60
მარიამ ვარადაშვილი
01.12.21 13:46
850
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესი “მწვანე პასპორტის” ამოქმედებას, ძირითადად" მომზადებული შეხვდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ფერაძემ ასევე თქვა, რომ დილიდან ინსპექციის წარმომადგენლები ობიექტებზე “მწვანე პასპორტის” სისტემის აღსრულების პროცესს აკვირდებიან.

“დილიდან შრომის ინსპექტორები სხვადასხვა ობიექტზე ამ პროცესს აკონტროლებენ. საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ფიქსირდება, ძირითად შემთხვევაში ბიზნესსუბიექტები უკვე მზად შეხვდნენ ამ პროცესს. ამის მიუხედავად, პირველი დღეა და შესაძლოა, გარკვეული კითხვები არსებობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 15:05; 15:22 და 144 ცხელი ხაზი მუშაობს ამ მიმართულებით, მუდმივად მივაწვდით ყველა დაინტერესებულ პირს იმ საკითხებთან დაკავშირები ინფორმაციას, რომელიც მათთვის საინტერესოა”, - აცხადებს ფერაძე.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის თქმითვე, თუ ბიზნესის მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევები არ იქნება, შრომის ინსპექცია პირველივე დღეს სანქციებს არ გამოიყენებს:

"პირველი დღის სანქცირებას რაც შეეხება, ცხადია, რომ თუ რადიკალურად არ იქნება დარღვეული ის მოთხოვნები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული, სანქცირების მექანიზმს არ გამოვიყენებთ. მეტად ვიქნებით ორიენტირებული რომ რეკომენდაციები გავცეთ, ვასწავლოთ როგორ უნდა დაინერგოს ეს სისტემა. მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ რომ ობიექტი არ ითვალისწინებს და საერთოდ არ ნერგავს ამ კონცეფციას ბუნებრივია, მოგვიწევს გარკვეული სანქციების გატარება."

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მწვანე სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან/და 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ასევე გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ პირებისთვის.

დღეიდან მოქალაქეები ამ სისტემით შემდეგ დაწესებულებებში დაიშვებიან: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეები და ბარები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზები.