16.სექტემბერი .2020 11:26

"მწვანე ქვეყნის სტატუსი ქაოსს და უკონტროლობას არ ნიშნავს" - ნათია თურნავა

views 306
უკან

მწვანე ქვეყნის სტატუსი ქაოსს და უკონტროლობას არ ნიშნავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს სტატუსი საქართველომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა, თან ისე, რომ მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეექმნა.

„ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით მწვანე ქვეყნის სტატუსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს უკონტროლობას და ქაოსს. მიუხედვად იმისა, რომ თანდათან გავზარდეთ მობილობა, ჩავატარეთ ადგილობრივი ტურიზმის სეზონი ზაფხულში, გავხსენით ბიზნესები, მაინც მოვახერხეთ ის, რომ მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყანამ ვუმასპინძლეთ, ასევე, უცხოელლ ვიზიტორებს.

გარდა ამისა, დღევანდელი ღონისძიებაც (გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა) მეტყველებს იმაზე, რომ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო ჩვენი ხელისუფლების ქმედებებმა იმ კუთხით, რომ საქართველო არის უსაფრთხო და ეპიდემიოლოგიური ვითარება არის მართვადი. პანდემია არსად წასულა, თუმცა მასშტაბური ღონისძიების გამართვა ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად გაიხსნება საქმიანი, საკონფერენციო ტურიზმი და საქართველო, ასეთი ღონისძიებების ჩატარების  ერთ-ერთი ცენტრი იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის:საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა