მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე" ტურისტულმა ობიექტებმა შესაძლოა სამუშაო საათების შეზღუდვის გარეშე იმუშაონ

614da027e82c5
ინგა მურუსიძე
24.09.21 13:43
706
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბექა ფერაძემ სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდ საშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა.

შეხვედრაზე შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული აპლიკაციის დანერგვამ შესაძლოა ბიზნესს და კონკრეტულად რესტორნებს სამუშაო საათების გახანგრძლივების შესაძლებლობაც მისცეს.

„დღეს თუ არსებობს დათქმა, რომ საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორანი ვერ მუშაობს, ასევე სასტუმროების რესტორნებიც, ამ აპლიკაციის დანერგვის შემთხვევაში მათ შესაძლოა მიეცეთ საშუალება და ეს არის მათი მოთხოვნა, რომ თუ ამის დანერგვა მოხდება, შეძლონ მუდმივად ოპერირება, რაც მათთვის ეკონომიკურად საინტერესოა. ჩვენ ბიზნესთან შეგროვებულ ინფორმაციას წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ გადაწყვეტილებებზე უკვე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს Covid-საშვის ბენეფიტების და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, სექტორის მხრიდან არის სურვილი, რომ ეს აპლიკაცია იყოს დანერგილი, განისაზღვროს მწვანე ზონები, რომელიც ერთის მხრივ მათ მიცემთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური გართულების დროს ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ, მეორე მხრივ, კი უზრუნველყოფენ მომხმარებელთა უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. მედეა ჯანიაშვილმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პლატფორმა ტურიზმის სექტორის მიერ გაწეულ მომსახურებას ბევრად უსაფრთხოს გახდის და საბოლოოდ ბიზნესი შეძლებს პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად იმუშაოს.

აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა. ვებ-გვერდის Covidpass.moh.gov.ge-ს საშუალებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორების კოვიდ სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლით ბიზნესი შეძლებს საკუთარი მომხმარებლებისთვის ე.წ. მწვანე ზონების ანუ უსაფრთხო გარემო შექმნას.

ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.