მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხოლოდ სექტემბრის და ოქტომბრის შეკვეთები დამრჩა" - "სისა ტურა" სეზონის განახლებისთვის ემზადება

5ed37b8c22119
ნუცა ბაზლიძე
31.05.20 13:45
1152
სამეგრელოში წარმოდგენილი ეთნოსოფელი "სისა ტურა" ფუნქციონირებას 15 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ BM.GE-ს ეთნოსოფლის დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ განუცხადა.

"15 ივნისიდან შიდა ტურების თვალსაზრისით ვიხსნებით, ღია ტიპის ობიექტია და სტანდარტებს დავექვემდებარებით", - აღნიშნავს მარიკა თოდუა და დასძენს, რომ ივლისიდან "სისა ტურაში" უკვე უცხოელ ტურისტებსაც დაელოდებიან.

მისივე განმარტებით, პანდემიის ეფექტმა ეთნოსოფლის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათ შორის, სიტუაციის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, შეიცვლება სივრცეში ერთდროულად მყოფი ადამიანების განსაზღვრული რაოდენობაც.

"სეზონი, წესით, ძალიან დატვირთული უნდა ყოფილიყო. მაისის თვეში, აბსოლუტურად ყველა დღისთვის მქონდა შეკვეთა, მაგრამ მარტში ისინი გაუქმდა. ამ ეტაპზე, დამრჩა მხოლოდ სექტემბრის და ოქტომბრის შეკვეთები", - აღნიშნავს მარიკა თოდუა.

ამასთან, ეთნოსოფლის დამფუძნებელი დასძენს, რომ სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდისთვის მან ავსტრალიიდან, ისრაელსა და ჩეხეთიდან მიიღო შეკვეთები, ამასთან, გარკვეული ინტერესი უკვე დაფიქსირდა შიდა ტურიზმის თვალსაზრისითაც.

როგორც მარიკა თოდუა აღწერს, „სისა ტურას“ სერვისი ექსკურსიას, კულინარიულ მასტერკლასებს, სუფრის კულტურის წარმოჩენას, აგრომიმართულებასა, ცოცხალ მუსიკასა და ცეკვის ასპექტებს მოიცავს. ასევე, შესაძლებელია ტბაში ნავით გასეირნება.

"ჩვენთან მოსული სტუმარი ერთი დღით სოფლის ცხოვრების ნაწილი ხდება", - აღნიშნავს "სისა ტურას" დამფუძნებელი.

მარიკა თოდუას განმარტებით, ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ, ეთნოსოფელი ახალი სერვისებითაც იქნება წარმოდგენილი. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში, განახლებისთვის გათვალისწინებული გეგმების განხორციელება ნაწილობრივ მოხერხდა, სივრცეს დაემატა გარე კაფე. ასევე, აგვისტოში მოიაზრება დარბაზის დამატებაც.

როგორც გავარკვიეთ, ახალი სერვისების განხორციელებისთვის დახარჯული თანხა დაახლოებით 9 500 ლარს ითვალისწინებს, საიდანაც დაახლოებით 6 500 ლარი USAID-ის პროგრამა "ზრდის" დაფინანსებას მოიაზრებს.

ცნობისთვის: "სისა ტურამ" ფუნქციონირება 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ეთნოსოფელი ზუგდიდიდან 11 კმ-ის დაშორებით, მესტიის გზაზე, სოფელ ჩხორიას ტერიტორიაზე, დაახლოებით 3 ჰექტარზეა წარმოდგენილი.