20.ნოემბერი .2020 13:46

"მხოლოდ უცხოური ინვესტიციების დასუბსიდირება დისკრიმინაციულია" - ქეთი ქვარცხავა

"მხოლოდ უცხოური ინვესტიციების დასუბსიდირება დისკრიმინაციულია" - ქეთი ქვარცხავა
views 594
უკან

მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ახალ პროგრამას იწყებს. ინვესტორს, რომელიც 10 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებს, მთავრობა 1 მლნ ლარიანი გრანტით დაეხმარება. ახალი პროგრამა შეეხება დარგებს, როგორიც არის გადამამუშავებელი ინდუსტრია, ელექტრული ინჟინერიის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანების და მანქანადანადგარების და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურეობა და ა.შ.

BLC-ის იურისტი ქეთი ქვარცხავა BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივები კარგია, თუმცა აუცილებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრული უნდა იყოს.

„ასეთი ინიციატივები ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ცუდია, მაგრამ უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრული. არ უნდა ბადებდეს კითხვებს პროგრამის გამოყენების სამართლიანობა. რაც მთავარია, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთი ასეთი ნაბიჯით შეუძლებელია საინვესტიციო გარემოს შეცვლა, მაგრამ თუ ამას მოყვება შესაბამისი რეფორმები, რაც ითვალისწინებს პროცესების ადმინისტრირების გამჭვირვალობას, შეიძლება პოზიტიური ცვლილებების ძვრა გამოიწვიოს“, - განაცხადა ქვარცხავამ.

ის ამბობს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს შეცვლისთვის ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მათ შორის ადმინისტრირების პროცესი, სასამართლო სისტემა, ვალუტის კუსის სტაბილურობა და ა.შ.

„ამის შესახებ ხელისუფლებამ ნამდვილად იცის. სამუშაოა, ზოგადად ადმინისტრირების რეფორმებზე, რადგან საქართველოში ძალიან გართულებულია ადმინისტრირების პროცესი. თუ ბიზნესებს კითხავთ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ძალიან გართულებულია და ადმინისტრაციულ ორგანოებს უჭირთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღება. გარდა ამისა, ყველასთვის ძალიან მტკივნეულია ლარის კურსის საკითხი. ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგ უნდა ვიფიქროთ, თუ რა საფუძველს ვუქმნით ინვესტიციებს“, - განაცხადა ქვარცხავამ.

ის ქართველი ბიზნესმენების ნაწილის პოზიციასაც გამოეხმაურა, თუ რატომ ეხება ცვლილებები მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს და არა - ქართულს. ქვარცხავა ფიქრობს, რომ თუკი მიდგომა ასეთია, მაშინ ის დისკრიმინაციულია:

„თუ ასუბსიდირებ, ალბათ ძალიან დისკრიმინაციულია, რომ მხოლოდ უცხოელებს დაუსუბსიდირო. ზოგადად, სუბსიდირება ძალიან რთული თემაა, რადგან ის მოითხოვს ძალიან ბევრ ეტაპზე ისეთი პროცესების წარმართვას, რაც არ გამორიცხავს კორუფციას და მიკერძოებულ პროცესს. მარტივი არ იქნება ამ პროცესის მართვა ისე, რომ კითხვები არ გამოიწვიოს. რეალურად, ყველას ძალიან გვინდა, რომ ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი იქნება საკმარისი, თუმცა რადგან ფიქრობენ ამ საკითხზე, ეს უკვე კარგია“, - აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა