მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზაჩითილი" ქართული სანელებლების წარმოებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს

5f58de6d0975c
ინგა მურუსიძე
15.09.20 09:00
706
სანერგე მეურნეობა "მზაჩითილი" მესამე წელს ითვლის.  კომპანიების - „მზაჩითილის“ და „ვიჯიტექნოს“ დამფუძნებელი ერჰან ზორლუ bm.ge-ის უყვება, რომ  სახელმწიფო პროგრამის - „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მიღებული 1 მილიონიანი აგროკრედიტით, 365,000 ლარიანი გრანტით, USAID-ის მხარდაჭერით და დამფუძნებლის შემოსავლებით, 2018 წელს დაარსებული სანერგე მეურნეობა წელს უკვე მოგებაზეც გავიდა.

„დაარსებიდან პირველ და მეორე წელს თითქმის ყველა ბიზნესი და მათ შორის ჩემიც, ზარალზე იყო. პირველი ორი ზარალიანი წლის შემდეგ კი, მესამე წლიდან კომპანია მოგებაზე გავიდა. მოსახლეობას ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახეობების ნერგებთან ერთად ვთავაზობთ კენკროვანი ხილის ნერგებს, რაც დღესდღეობით, ძალიან მოთხოვნადი გახდა საქართველოში“, - განაცხადა ერჰან ზორლუმ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელსაც სანერგე მეურნეობა "მზაჩითილი" ახორციელებს, ინვიტრო ჩითილების და ნერგების გამოყვანაა.

"ჩვენი მიზანია, ბაზარზე ახალი პროდუქციის გამოტანის გზით, ბიზნესი ყოველწლიურად გავაფართოოთ. სამომავლოდ ვგეგმავთ საქართველოში სანელებლების წარმოებას და ექსპორტზე გატანას. ბაზილიკი, ბეგქონდარა, პიტნა, სტევია და სალვია მცენარეების პირველი ჯგუფია, რომლებიც საქართველოში გაიზრდება, გამოშრება და ექსპორტზე გავა", - ამბობს ის.

ერჰან ზორლუს თქმით, ამ ეტაპზე, სათბურში მოყვანილი ბოსტნეულის (ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა) ნამყენი ნერგები სომხეთში გადის. „გაყიდვები საქართველოს, როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზარზე სწრაფად განაგრძობს ზრდას“, - აღნიშნა მან. 

რაც შეეხება პანდემიას, ერჰან ზორლუს განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო მარნეულში მდებარეობს, კარანტინის პირობებში, სპეციალური ნებართვებით და გარკვეული წესების დაცვით მოუწია მუშაობა, თუმცა სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება არ დასჭირვებია.