09.აგვისტო .2020 10:40

"მზად არიან, უფრო დაბალ ხელფასსა და დაბალ პოზიციაზე იმუშაონ"- ვინ ეძებს ძირითადად სამსახურს? - HR.GE

views 1919
უკან

„სამუშაოს ბევრად მეტი ეძებს, ვიდრე ვაკანსიებია“ - ამის შესახებ BM.GE-ის დასაქმების სააგენტო HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ვებგვერდით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა, რადგან ქვეყანაში ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა.

„სამუშაოს მაძიებელთა აქტივობა განსაკუთრებით ტურიზმის სფეროდან შეინიშნება. მაგალითისთვის, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას თუნდაც დამწყებ პოზიციაზე, სადაც ანაზღაურება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ცოტა მაღალ პოზიციებზე, მაინც გვიგზავნიან CV-ებს, რადგან დღეს ისინი უმუშევრები არიან და მზაობა აქვთ ნებისმიერი მიმართულებით დაიწყონ მუშაობა, თუნდაც შედარებით დაბალ ხელფასზე. ძირითადად იმ სფეროებიდან არის აქტიურობა, სადაც მოქალაქეებმა სამსახურები ობიექტური მიზეზების გამო დაკარგეს - სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, რესტორნები და ა.შ“, - ამბობს ინგა შახბაზიანი.

მისი ინფორმაციით, HR.GE-ის ვებგვერდზე განსაკუთრებით გაიზარდა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის მაჩვენებლები.

„შემოსული რეზიუმეების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით არის მომატებული.  ჩვენს საიტზე - HR.GE-ზე ვაკანსიების გარდა ხდება სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში მათმა რაოდენობამ ძალიან მოიმატა. მანამდე თუ დღეში 100-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, პანდემიის პერიოდში ამ რიცხვმა 100-150-ით მოიმატა და დღესაც კი სტაბილურად 150 კაცი ყოველდღიურად ემატება და ახლდება მონაცემები.

აქედან გამომდინარე წინა წელთან შედარებით ამ მიმართულებით უფრო არის აქტიურობა. სამუშაოს ბევრად მეტი ეძებს, ვიდრე ვაკანსიები თავსდება“, - აღნიშნა კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა.