მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზარეულებს დილამდე სკამებსა და მაგიდებზე სძინავთ" - რესტორატორები მინისტრის პასუხს ელიან

5fd21e2c15356
ინგა მურუსიძე
10.12.20 17:21
1633
როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვების" ფარგლებში რესტორნებს საქმიანობა მხოლოდ მიტანის სერვისით შეუძლიათ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რესტორნების მენეჯმენტს მუდმივ საშვებს ხოლოდ ე.წ. დელივერის თანამშრომლებზე აძლევენ, ხოლო მაგალითად, მზარეულებზე ან მძღოლებზე - არა. ბიზნესისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ასე და რატომ უნდა იყვნენ რესტორანში თანამშრომლები დილამდე, თუ მუშაობა 02:00 საათზე დაასრულეს. პრობლემის შესახებ უკვე საქმის კურსშია ეკონომიკის მინისტრიც.

"მზარეულებს 02:00 საათის შემდეგ, დილამდე სკამებზე სძინავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ საშვებს არ გვაძლევენ და სახლებში ვერ ვუშვებთ", - ამ შინაარსის გზავნილი ნათია თურნავამ, ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა და სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებმა რესტორატორებისგან პირადად მიიღეს ჯერ კიდევ 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.

დღეს კი, უწყებათაშორისი  საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე bm.ge-იმ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა, ხომ არ უმსჯელია საბჭოს რესტორატორების პრობლემაზე, რაზეც ბექა ფერაძემ  თქვა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას არ წარმოადგენს, თუმცა დაინტერესებულ პირს შეუძლია, შესაბამის უწყებას მიმართოს და "საშვები უპრობლემოდ გაიცემა", თუმცა როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, საშვები უპრობლემოდ მხოლოდ რესტორნების იმ თანამშრომლებზე გაიცემა, ვინც უშუალოდ მიტანის სერვისს ახორციელებს. 

როგორც bm.ge-ის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლევან ქოქიაშვილმა უთხრა, ნათია თურნავას შეხვედრაზე რესტორატორების მიერ გაჟღერებულ ყველა ინიციატივაზე ერთი პასუხი ჰქონდა - „მომეცით დრო, საკითხებს გავივლი შესაბამის უწყებებთან, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ეპიდემიოლოგებთან და უწყებათშორისი კომისიის წევრებთან“.

„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენი ინიციატივები წარვადგინეთ და მათ შორის იყო თანამშრომლების გადაყვანის და მათი საშვების საკითხი ანუ რესტორნის სამზარეულო მუშაობს ღამის 02:00 საათამდე და შემდგომი რამდენიმე საათი, როცა საქმე აღარ აქვთ, დილის 05:00 საათამდე ადამიანებს ეძინათ სკამებზე, მაგიდებზე... სრული მარაზმია. ჩვენ, რესტორნების ხელმძღვანელები საღამოს საათებში თავად ვაკეთებთ დელივერს, რომ გადავრჩეთ. მზარეულებისთვის, რესტორატორებისთვის, ასევე, მძღოლებისთვის, რომლებმაც თანამშრომლები საღამოს საათებში სახლებში უნდა დაარიგონ, საშვები არ გვაქვს. გუშინ ბიზნეს-ომბუდსმენმა მოგვწერა, რომ გავაკეთოთ ექსელის ფაილი, რომელშიც ჩაიწერება ყველა რესტორნის და მათი თანამშრომლების მონაცემები, რომლებზეც საშვები გვინდა“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.

მისივე თქმით, 40 რესტორნის და მათი თანამშრომლების სია უკვე გადაგზავნილია, თუმცა ლევან ქოქიაშვილი დარწმუნებული არ არის, რომ საშვს ყველა მიიღებს, რადგან ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატისგან ამ დროისთვის აქვთ ბოლო ინფორმაცია, რომ „სიას გადახედავენ და თუ ძალიან ბევრი არ იქნება, საშვების გაკეთებას განიხილავენ“.

„ჩვენ გვინდა, რომ რაღაცნაირად ვიმუშაოთ და ველოდებით ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს. კომუნისტების დროინდელი ტიპები არ ვართ, ავდგეთ და საშვებით ვირბინოთ, საქმის კეთება გვინდა“, - ამბობს რესტორატორი.

ვიდრე რესტორნები მთავრობისგან პასუხს მიიღებენ, BM.GE დაინტერესდა, ზოგადად, რამდენად დიდ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული საშვის გაკეთება თუნდაც ე.წ. დელივერი სერვისის თანამშრომლებისთვის. პირველ რიგში, 144-ზე დავრეკეთ, სადაც გვითხრეს, რომ ნებართვის მისაღებად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა დავკავშირებოდით. თავად 15-01-ზე (სურსათის ეროვნულ სააგენტოში) კი განმარტეს, რომ ნებისმიერი რესტორნის მენეჯმენტს შეუძლია, მუდმივი საშვის მიღება ე.წ. დელივერი სერვისისთვის თანამშრომლებზე სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსებით, თუმცა ეს არ ეხება, სამზარეულოს თანამშრომლებს, რომლებმაც ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში, 21:00-დან 05:00 საათამდე სამზარეულო არ უნდა დატოვონ.

„ამჟამინდელი მითითებით, მუდმივი საშვების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. დელივერის მომსახურეობისთვის, თუმცა ეს არ ეხება რესტორანში დასაქმებულ სხვა პირებს. თანამშრომლები, ვინც სამზარეულოში მუშაობენ, ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში რესტორანში უნდა დარჩნენ“, - განმარტეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.