მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაჩქარევად მიღებული" კანონი - შესაძლოა, საქართველოს EU-ისგან €60 მლნ-ის დახმარების შეჩერებად დაუჯდეს

606e096ad80f1
BM.GE
07.04.21 23:46
1025
მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობაა - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესსპიკერის განცხადებაში, რომლის თანახმად, ევროკავშირი მიესალმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, მაგრამ პარლამენტის მიერ ამ ცვლილებების ფართო კონსულტაციების გარეშე, ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცრუებულია.

EU მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის განკუთვნილი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესსპიკერის განცხადებაში.

ცნობისთვის: ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.