მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიზნესმა ჩუმი კოლაბორაციის რეჟიმი დანერგა, რომელიც ახლაც გრძელდება - თედ ჯონასი

64147b4a175d0
BM.GE
17.03.23 18:40
1627
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, იურისტმა თედ ჯონასმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა იმ ყალბი გზავნილების შესახებ, რომელთაც ხელისუფლება და მმართველი პარტია აგენტების შესახებ კანონპროექტების თაობაზე ავრცელებდა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ჯონასი შეეხო, ბიზნესის კოლაბორაციონიზმია. მისი თქმით, დღეს ისრაელში მიმდინარე პროცესი აჩვენებს, თუ როგორი პოზიცია უნდა ეჭიროს კერძო სექტორს ისეთ კრიტიკულ მომენტებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იყო. საქმე იმაშია, რომ ისრაელის ბიზნეს საზოგადოებამ აიმაღლა ხმა სამართლებრივ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ფართობასშტაბიანი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.

“მე იმას ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ქვეყანაში შემოვიდეს თქვენს მიერ დასახელებული ტიპის ინვესტიციები, როცა სასამართლო სისტემა მთავრობის მიერ არის მართული; როცა პროკურორი არ არის დამოუკიდებელი; როდესაც ეკონომიკის თავისუფლება ჩანაცვლებულია ფეოდალური სისტემით, როცა ერთი ოლიგარქის ბრძანებებზეა დამოკიდებული მთელი ხელისუფლება – აი, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ვერ ვხედავთ ამ ქვეყანაში.

ძალიან საინტერესოა ის, რაც დღეს ისრაელში ხდება – იქაც პროტესტია მთავრობის წინააღმდეგ. ისრაელში ბიზნესი ხმას იმაღლებს, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ სასამართლო სისტემა მიტაცებულია. ბიზნესის ხმა ძალიან მკაფიოდ ისმის არადემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ. იმის თქმა მინდა, რომ სწორედ არადემოკრატიული სისტემა, დამოკიდებული სასამართლო სისტემა – აი, ეს უქმნის საფრთხეს საინვესტიციო გარემოს. და როცა ხალხი ამ საფრთხის წინაშე ხმას იმაღლებს და ეს გარდაუვლად იწვევს პოლიტიკურ და სოციალურ არასტაბილურობას – დიახ, ვერ ნახავთ უცხოელ ინვესტორს, რომელიც სიხარულით დათანხმდება თანხის დაბანდებას მსგავს სიტუაციაში. მაგრამ თუკი ეს პროცესი მიგვიყვანს უფრო დემოკრატიულ სისტემამდე და კანონის უზენაესობამდე, სტაბილურ და სანდო მთავრობამდე – მაშინ ნამდვილად მეტ ინვესტიციას იხილავთ. და მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ბიზნესსაზოგადოების ინტერესია ხმა ამოიღოს როგორც ამ კანონის წინააღმდეგ, ისე არადემოკრატიული მიდგომის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობა ირჩევს. ბიზნესმა ეს იცის. მაგრამ მათ ეშინიათ.

ქართველები ყოველთვის ამბობენ, როგორ უყვართ ისრაელი, როგორ არიან ამ ქვეყნით აღფრთოვანებულები – ვთხოვდი მათ, დააკვირდნენ ისრაელის მაგალითს. შეხედონ, რას საუბრობენ ისრაელის ბანკები, მაღალტექნოლოგიური კომპანიები – ისინი ხმას იმაღლებენ, რადგან მათ აქვთ დემოკრატია და არ სურთ, მისი დამარცხება. ასე მგონია, ქართულმა ბიზნესმაც იცის, რომ ევროინტეგრაცია მათთვისაც მომგებიანია. მათი ინტერესია ასევე კავშირების დამყარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათი ინტერესი არ არის ფეოდალიზებული ეკონომიკა, რომელსაც ერთი ადამიანი მართავს, სადაც მათი შესაძლებლობები შეკვეცილია, რადგან ხან პრემიერთან მათხოვრობა სჭირდებათ, ხანაც – ბიძინა ივანიშვილთან. ეს არ შეიძლება იყოს ბიზნესსაზოგადოების ინტერესი. მაგრამ მათ ეშინიათ – რადგან ჰგონიათ, რომ თუ ხმას ამოიღებენ, მათ დასჯიან. რა თქმა უნდა, ბიზნესის დაშინების ეს პრაქტიკა ამ მთავრობის დროს არ დაწყებულა. ამ თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიდგომა იგივე ან უარესიც კი იყო. ამდენად, ბიზნესმა დანერგა ჩუმი კოლაბორაციის ქცევა მაშინ, ნაციონალური მოძრაობის დროს და ახლაც იგივეს აგრძელებს უკვე ქართული ოცნების მთავრობასთან,”- აცხადებს თედ ჯონასი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა თბილისში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ უარი თქვა კენჭი ეყარა უცხოური აგენტების შესახებ ხალხის ძალის კანონპროექტებისთვის.