მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანი ჰესის საკითხზე მოსახლეობასთან შეხვედრა იყო საჭირო და ცოტა დაგვიანებული"

604222492ace9
BM.GE
05.03.21 16:20
998
ნამახვანი ჰესის საკითხზე მოსახლეობასთან შეხვედრა იყო საჭირო და ცოტა დაგვიანებული,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პრემიერის დავალებით ჩავიდნენ.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ, ამ ეტაპზეც, ვფიქრობ, ძალიან დიდი, დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები“ - განაცხადა თურნავამ.

“დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“ - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და რაღაც ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.

„ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამით შეხვედრები არ სრულდება და მოსახლეობასთან კომუნიკაცია გაგრძელდება.

“ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის.

ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.