მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნამახვანი ჰესის" ინვესტორს მოვთხოვთ, მოსახლეობა გადაამზადოს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად - მინისტრი

60422a241758d
BM.GE
05.03.21 16:50
2466
ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესთან“ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მონაწილეობდნენ, ერთ-ერთი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების განხილვა იყო. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, მათ შორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს არა უბრალოდ რიგით კვალიფიკაციებზე და რიგით პროფესიებზე, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება/გადამზადება, რომ მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს იმისთვის, რომ უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“ - ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ნამახვანი ჰესის საკითხზე სამსჯელოდ ცაგერში პრემიერის დავალებით ჩავიდნენ. მიზეზი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტია, რომლებიც ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ და ადგილზე საპროტესტო აქციებსაც მართავენ.