25.აპრილი .2020 16:33

"ნათენაძის მარანი" წლის მეორე ნახევრიდან ღვინის ექსპორტის განახლებას ვარაუდობს

views 384
უკან

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ღვინის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.6%-ით შემცირდა და 44 მლნ 261.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, რა გეგმები აქვთ ქართველ მეღვინეებს, ამ საკითხის გასარკვევად BM.GE- „ნათენაძის მარნის“ დამფუძნელებს გიორგი ნათენაძეს დაუკავშირდა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მის ქარხანაში ღვინის ჩამოსხმა შეჩერებულია, თუმცა „ნათენაძის მარანი“ ნელ-ნელა უკვე იღებს საზღვარგარეთიდან შეკვეთებს, რაც ძირითადად ივნისის შემდგომი პერიოდისთვის უნდა განხორციელდეს.

„რასაც ვაკვირდები, მეგონა, რომ საერთოდ ძალიან მოიკლებდა ღვინის გაყიდვები, მაგრამ როგორც ჩანს ემზადებიან წლის მეორე ნახევრისთვის იმპორტიორები. გარდა ძველი იმპორტიორებისა, რომლებიც ჩემგან ყიდულობდნენ ღვინოს, ახალი ქვეყნის ახალი იმპორტიორები მეხმიანებიან და ემზადებიან, დაახლოებით ივნისის მეორე ნახევრიდან, რომ გააგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და ღვინის შეძენას დაიწყებენ.

კანადა გააქტიურდა ძალიან, სამ იმპორტიორს ველაპარაკები აქედან. ამასთან, აშშ-დან ახალი იმპორტიორები მყავს, რომლებიც ეძებენ უფრო მეტ ღვინოს, რომ ამ პერიოდში შეიტანონ, როცა კრიზისია. ასევე, ემზადება შვედეთი, საიდანაც ჩვენთან აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი ნათენაძემ.

მისი პროგნოზით, 2020 წელს „ნათენაძის მარნის“ შემოსვალები, გასულ წელთან შედარებით სავარაუდოდ, 30%-ით შემცირდება.