მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"NATO არ დამუქრებია რუსეთს" – თეთრი სახლის პასუხი პუტინს, რომელმაც რუსეთის ბირთვული ძალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა

621b98912fb9d
BM.GE
27.02.22 19:24
28372
მორიგი ესკალაცია და არასაჭირო ნაბიჯი – ასე აფასებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ რუსეთის ბირთვული ძალები. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

BBC კი თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაზე წერს, სადაც ის ამბობს, რომ NATO რუსეთს არ დამუქრებია.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა NATO-ს ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ "აგრესიულ განცხადებებში" დაადანაშაულა. თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანი ამბობს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი განცხადებაა:

"NATO არ დამუქრებია რუსეთს, რუსეთს არ დამუქრებია არც უკრაინა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია რუსეთის პრეზიდენტისთვის და ჩვენ ამას წინ აღვუდგებით",– აცხადებს პრესმდივანი.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ რუსეთის ბირთვული ძალები ეხმაურება აშშ–ის ელჩი გაეროში ლინდა თომას–გრინფილდიც, რომელიც ამ ნაბიჯს "სრულად მიუღებელს" უწოდებს.

"პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ომის ესკალაციას აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯებით. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების დაგმობა ყველაზე მკაცრი გზების გამოყენებით",– აღნიშნა მან Face the Nation–თან ინტერვიუში.