მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნავთობიმპორტიორებისთვის რთული პერიოდი დადგა” - "სენტა პეტროლიუმი"

6239de8fc04ff
ანუკა ჯოხაძე
22.03.22 22:20
7805
საწვავის ფასი მორიგ ანტირეკორდს ხსნის, სხვადასხვა სახეობის საწვავის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს უახლოვდება. გაძვირების მთავარ ფაქტორად საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება სახელდება.

ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მათ დღეს რეალური გათვლების გაკეთება უჭირთ. "სენტა პეტროლიუმის" ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა კერძო სექტორისთვის დამატებით რისკებსაც აჩენს. მისი თქმით, არსებობს საშიშროება რომ რუსულმა კომპანიებმა, რომლებსაც ქართულ ბაზარზე საწვავი შემოაქვთ, ბაზარს შედარებით დაბალი ფასები შესთავაზონ, რისთვისაც კონკურენციის გაწევა ქართულ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს გაუჭირდებათ.

“ნავთობიმპორტიორებისთვის რთული პერიოდი დადგა. არასტაბილურობა რთულ სიტუაციაში აყენებს ყველას. რაღაცის დაგეგმვა, სწორი ნაბიჯების გადადგმა უკვე შეუძლებელია. დავუშვათ შესყიდვა გააკეთე, ამ პერიოდში კი ფასი შეიძლება ისე დავარდეს, რომ ძალიან დიდი ზარალი მიიღოს ნებისმიერმა ნავთობიმპორტიორმა. კიდევ ერთი ფაქტორია: რუსეთის ბაზარზე არის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ საწვავი. როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზარზე შეიძლება იყოს საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბაზარზე, სადაც საერთაშორისო ფასებიდან და არსებული ფორმულებით ხდება საწვავის შესყიდვა. თუ ქვეყანაში რუსეთიდან იაფი საწვავი შემოვა, ძალიან რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნესი”, - აცხადებს კომპანია “სენტა პეტროლიუმის” ხელმძღვანელი, ზაალ იაკობიძე.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის საერთაშორისო ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო საწვავის საერთაშორისო ფასების მკვეთრი ზრდა დაიწყო. საერთაშორისო ფასებს ასახვა უკვე ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე. 24 თებერვლიდან დღემდე ადგილობრივ ბაზარზე "პრემიუმ" მარკის საწვავი 64 თეთრით, "რეგულარი" - 60 თეთრით, ხოლო "ევრო დიზელი" - 85 თეთრით გაძვირდა.