მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქტივები იყოფა, მისგან გაზის გადაცემის ქსელი გამოდის

605c65c481742
შოთა ტყეშელაშვილი
25.03.21 19:03
1098
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის “ნავთობისა და გაზის კორპორაცის” აქტივები უნდა გაიყოს - ამის მიზეზი ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებია. კორპორაციის შემადგენლობიდან გამოვა ბუნებრივი აირის გადაცემის ქსელი და ის სხვა ორგანიზაციის ნაწილი გახდება.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბუნებრივი გაზის გადამცემი ოპერატორის განცალკევების შესახებ” დადგენილების პროექტი სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წარადგინა. სემეკის ინფორმაციით, ახალი ნორმის მიღების შემდეგ ქართული კანონმდებლობა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს დაუახლოვდება.

ცვლილების შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა, რომელიც ამბობს, რომ “ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან” ერთად წელს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების განცალკევებაც უნდა მოხდეს. შედეგად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ქსელის ოპერატორის და გაზის მიწოდების სერვისები.

“ნავთობისა და გაზის კორპორაციას აღარ ექნება საკუთრებაში გაზის გადაცემის ქსელი. ის ამ ქსელს გადასცემს სხვა კომპანიას. შესაბამისად, საქმიანობები რაც მას დარჩება ბუნებრივად იქნება განცალკევებული. ეს გახლავთ პირველი ეტაპი ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმებისა. 2021 წლის ბოლომდე ასევე მოხდება ასევე მოხდება გამანაწილებელი ქსელის ოპერატორების განცალკევება მიწოდების საქმიანობისგან. შესაბამისად მივიღებთ სრულ ტრანსპოზიციას ენერგეტიკული კანონმდებლობისა და უკვე ჰარმონიზებული ვიქნებით ევროკავშირის ძირითად რეგულაციებთან,”- განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა. 

2019 წლის განმავლობაში “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მთლიანი შემოსავალი 880 მილიონი ლარი იყო. კორპორაციიდან ბუნებრივი გაზის გადაცემის ქსელის გატანა სავარაუდოდ კომპანიის შემოსავლების შემცირებაზე აისახება. 2019 წლის ბოლოსთვის კორპორაციის აქტივების ზომა 1.88 მილიარდი ლარი იყო. შემოსავლის იმ ნაწილს, რასაც კორპორაცია გაზის გადაცემის ქსელის ოპერატორის ფუნქციების შესრულებით იღებდა, სავარაუდოდ სხვა სახელმწიფო კომპანიაზე გადავა.