მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტა იშუამდგომლა“ - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების გეგმა

61af62eec833d
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.21 18:29
3186
ქართველი მოჭადრაკის, მრავალგზის დიდოსტატის ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, სასამართლო სხდომა 24 იანვარს ზეპირი, ღია მოსმენის ფორმით დაინიშნა.  ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველმა იურდიულმა კომპანია BLB-მ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროცესის დეტალები გაასაჯაროა. როგორც ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კინოინდუსტრიის მსხვილმა კომპანიამ ამ ეტაპზე სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობის საკითხი დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილი თავისი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას განაგრძობს.

„ამ ეტაპზე Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტა იშუამდგომლა, რაც მისი უფლებაა. მას იყენებენ, როდესაც გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობით სარგებლობენ. ჩვენ ვთვლით, რომ Netflix-ის დაცვის ეს არგუმენტები ჩვენთვის და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლისთვისაც არადამაჯერებლად და სუსტად გამოიყურება. მაგალითად, Netflix ამბობს, რომ ობიექტურმა დამკვირვებელმა და გონიერმა მაყურებელმა სერიალში მითითებული ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან არ უნდა მიიჩნიოს ფაქტების დამდგენ ფრაზად, არამედ ეს როგორც შეფასება ისე უნდა განიხილოს. Netflix-ში მიიჩნევენ, რომ სადავო წინადადება არ გახლავთ დეფამაციური და რაც ყველაზე უცნაურია Netflix-მა ასეთი ნარატივი განავითარა, რომ ამ ფრაზაში ობიექტურ დამკვირვებელს უნდა ეგულისხმა, რომ ნონას არასდროს უთამაშია მამაკაც მოთამაშეებთან საბჭოთა ტურნირებზე და საბჭოთა დიდოსტატებთან.

ჩვენ წარვადგინეთ ფაქტები როგორ გაიგო ეს წინადადება ობიექტურმა დამკვირვებელმა და წარვადგინეთ ის ნუსხა, რომელ ტურნირებში მონაწილეობდა ნონა გაფრინდაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

Netflix-ში არ თვლიან, რომ მათ ლეგენდარული მოჭადრაკის პროფესიული მიღწევები დააზიანეს. ახლა ისინი ამას ასე აჯამებენ, რომ თუ მაინცდამაინც რაიმე შეეშალათ, ეს დაიყვანება იქამდე რომ დროში, რამდენიმე წლით აცდნენ რეალობას. Netflix-ში ამბობენ, რომ მათ არა თუ დააკნინეს ნონა გაფრინდაშვილის დამსახურებები, არამედ პირიქით, აღიარეს მისი დამსახურებები.

დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო აღშფოთებით შეხედავს ამ საკითხებს“, - აღნიშნავს მაია მწარიაშვილი.

ადვოკატის შეფასებით, ნონა გაფრინდაშვილის ქართველმა და ამერიკელმა ადვოკატებმა დავის ნაწილში სექტემბრიდან დღემდე მნიშვნელოვანი ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვეს, რამეთუ Netflix-ის სერიალის რეჟისორის დაკითხვისას გამოვლინდა, რომ მან სცენარის შედგენისას იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური პიროვნება იყო.

„სექტემბრიდან დღემდე პრინციპში უკვე მოვიპოვეთ ტაქტიკური უპირატესობა ფრენჩ სკოტის დაკითხვასთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე ამ სტრატეგიით მივდიოდით და ვთვლიდით, რომ თუ Netflix შუამდგომლობით სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვდა, ჩვენ მოვითხოვდით სერიალის რეჟისორის ფრენჩ სკოტის დაკითხვას.

თუმცა Netflix-მა ფრენჩ სკოტის დაკითხვა თავად მისი პოზიციის გასამყარებლად წარმოადგინა, რომელიც იურისტების მიერ იყო დავარცხნილი და აწონილი. ჩვენ მოვითხოვეთ ფრენჩ სკოტის და გარი კასპაროვის დაკითხვა. Netflix-ი მხოლოდ ფრენჩ სკოტის დაკითხვაზე დაგვთანხმდა ონლაინ. დაკითხვას აწარმოებდნენ ჩვენი ადვოკატები და ესწრებოდნენ Netflix იურისტები.

ჩვენ კარგად გამოვიყენეთ დავარცხნილი ნიუანსები და დაკითხვის დროს ფრენჩ სკოტი ძალიან აირია, უმრავლეს კითხვაზე იძლეოდა პასუხს „არ ვიცი“, „არ მახსოვს“. ფრენჩ სკოტმა თქვა, რომ მან იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური ადამიანი იყო, თუმცა როდის იცოდა, როდის გაიგო და ვინ უთხრა, არ ახსოვდა. ამასთან, მას ჰქონდა სცენარში, რომ ნონა მსოფლიო ჩემპიონი იყო და ამ წინადადებამ მის საწინააღმდეგოდ იმუშავა. ამ დაკითხვამ მოგვცა ცხადი სურათი და ჩვენს შესაგებელში სკოტის ჩვენებას საჩვენოდ ვიყენებთ.

ამ ეტაპზე ჩვენ მოგვეთხოვება, სასამართლოს ერთი შეხედვით დავანახოთ, რომ Netflix-მა იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა სიმართლე იმის შესახებ, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური გმირი, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა დამსახურება და ეს სიმართლე სცენის დრამატიზებისთვის შეცვალა. ეს იყო მისი კულმინაციური მომენტი.

ჩვენ საბოლოო პოზიცია დამატებითი მტკიცებულებებით 3 დეკემბერს წარვადგინეთ. თეორიულად Netflix-სს აქვს საშუალება გვიპასუხოს, თუ არა და 24 იანვარს არის დანიშნული სასამართლო. თუ სასამართლო მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ არ რწმუნდება, მაშინ ჩვენ სასამართლოს გარი კასპაროვის დაკითხვას ვთხოვთ“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. ნიუ-იორკ თაიმსი კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“. BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.