26.ოქტომბერი .2020 23:21

"ნეტო აღრიცხვის" სისტემაში 191 აბონენტია ჩართული – რა რაოდენობის ელენერგია გამოიმუშავეს მათ?

views 672
უკან

ელექტროენერგიის "ნეტო აღრიცხვის" სისტემაში ამჟამად 191 აბონენტია ჩართული. ამის შესახებ bm.ge-მ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიდან (სემეკ) გამოითხოვა.

სემეკ-ის ინფორმაციით, 191 აბონენტიდან 81 „თელასის“, ხოლო 110 „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტია.

ცნობისთვის, სემეკმა „ნეტო აღრიცხვის“ სისტემა საქართველოში 2016 წელს დანერგა.

"ნეტო აღრიცხვის" საშუალებით შესაძლებელია, მომხმარებლებმა დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი და უფასოდ მოიხმარონ მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. ანუ, თუ აბონენტი სახლში, მაგალითად მზის პანელებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, და იყენებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებს, შეუძლია, ის გაყიდოს და ჩაუშვას საერთო ქსელში, რისთვისაც მას გარკვეული პერიოდულობით თანხა ერიცხება.

სემეკ-ის მიერ შემუშავებული "ნეტო აღრიცხვის" რეგულაციით შეუძლია ისარგებლოს როგორც ერთმა ფიზიკურმა პირმა, ასევე მომხმარებელთა ჯგუფმა (რამდენიმე ადამიანმა ერთად, მეზობლებმა, ამხანაგობამ და ა.შ).

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელისათვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეუძლიათ. სადგურების მფლობელებს შეუძლიათ მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები.

2016 წელს, "ნეტო აღრიცხვის" სისტემაში მხოლოდ 6 აბონენტი ჩაერთო, 2017 წელს – 22, 2018 წელს – 38, 2019 წელს – 90, 2020 წელს კი 35. შედეგად, ჯამში დღეს მათი რიცხვი 191-ს შეადგენს.

რაც შეეხება მათ დადგმულ სიმძლავრეს, წელს ამ მაჩვენებელმა 2932.44 კვტ შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა