14.ოქტომბერი .2020 18:48

"ნიკოლის“ საბავშვო ტანსაცმელი იტალიაში გაიყიდება

views 405
უკან

საბავშვო სამოსის მწარმოებელი კომპანია „ნიკოლის“ პროდუქცია იტალიაში გაიყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ თავდაპირველად „ნიკოლის“ სამოსის რეალიზაცია ქალაქ ნაპოლიში ონლაინ არხების საშუალებით მოხდება.

„იტალიაში პარტნიორთან თანამშრომლობით, დაახლოებით, 2 კვირის წინ მოხდა შეთანხმება, გავხსენით ინსტაგრამ-გვერდი და სატესტო რეჟიმში დავიწყეთ მოდელების გაგზავნა. საწყის ეტაპზე დაიწყო ჩვენი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. შევხედავთ როგორი იქნება მოთხოვნა ბაზარზე და ამის შესაბამისად გვსურს პროდუქციის ნაწილი გავგზავნოთ და იქ ერთგვარი საწყობი გავხსნათ, რათა ერთეული მოდელების გაგზავნა არ მოგვიწიოს, როგორც ეს ახლა ხდება“, - განაცხადა „ნიკოლის“ დამფუძნებელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე იტალიაში შექმნილი მდგომარეობის გამო მაღაზიის გახსნა ჯერ არ იგეგმება, თუმცა - გეგმებში შედის.

ნიკა ნიკოლაძემ ასევე თქვა, რომ საბავშვო სამოსის მწარმოებელმა პირველი ექსპორტი პანდემიამდე საუდის არაბეთში გავიდა.

„ექსპორტი პრიორიტეტული გახდა ჩვენთვის, რადგან დავინახეთ, რომ ამის პოტენციალი ჩვენს პროდუქციას ჰქონდა. ამასთან, გარკვეული კავშირები გვქონდა და თებერვალში სატესტო პარტია საუდის არაბეთში გავგზავნეთ, ეს არ იყო დიდი რაოდენობა, თუმცა საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მოეწონათ პროდუქტი. დასანანია, რომ პანდემიამ ამ მიმართულებით ჩვენი გეგმები შეაფერხა“, - უთხრა BM.GE-ის ნიკა ნიკოლაშვილმა.

„ნიკოლის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, საერთაშორისო გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას და სულ უფრო მეტ საექსპორტო ბაზარზე გასვლას შეეცდებიან.

საბავშვო სამოსის მწარმოებელი კომპანია „ნიკოლი“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. ნიკა ნიკოლაშვილის თქმით, თავდაპირველად ეს საოჯახო ბიზნესი იყო, ხოლო დღეისთვის საწარმოში 21 ადამიანია დასაქმებული. მისი წარმადობა თვეში 1 100 მოდელამდეა, ხოლო კომპანიის დაფუძნების და განვითარებისთვის, ჯამში, 400 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. „ნიკოლის“ სამოსის შეძენა "თბილისი მოლში", "ისთ ფოინთსა" და "ბათუმის მოლშია" შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა