მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკორასა" და "ნუგეშის" გაერთიანებისას, კონკურენციის კანონი დაირღვა, თუმცა სააგენტოს რეაგირების ბერკეტი არ აქვს

56f53a9c96ee8
BM.GE
25.03.16 17:15
1671
2015 წლის 31 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი“-ს განცხადება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-111 და მე-112 მუხლების შესაძლო დარღვევის შესახებ.

კერძოდ, განმცხადებელი ითხოვდა, სააგენტოს შეესწავლა შპს "ნიკორა ტრეიდი"-ს მიერ შპს "ნუგეში"-ს 100%-იანი წილის შეძენის კანონიერება და მისი შესაბამისობა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ნიკორა ტრეიდი“-სა და შპს „ნუგეში“-ს წლიური ბრუნვა, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლივად, საქართველოს ტერიტორიაზე, კონცენტრაციის წინა ფინანსური (2014) წლის მონაცემების გათვალისწინებით, აღემატებოდა „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-4 ბრძანების მე-3 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

გარდა ამისა, წილების შესყიდვის მომენტისთვის, შპს „ნიკორა ტრეიდი“ ასევე აკონტროლებდა დამატებით ერთ ეკონომიკურ აგენტს - შპს „ლაზი ჰოლდინგ“-ს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2014 წლის 8 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლაზი-ჰოლდინგი“-ს 67%-იანი წილის მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „ნიკორა ტრეიდი“. აღნიშნულს ასევე ადასტურებს შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს პარტნიორის (სს „ნიკორა“) გადაწყვეტილება (2014 წლის 8 დეკემბერი) შპს „ლაზი ჰოლდინგი“-ს პარტნიორებისგან მათი კუთვნილი 33% და 34% წილების შეძენის თაობაზე.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საკანონმდებლო ბაზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ მიიჩნია, 2015 წლის 23 ივნისს შპს "ნიკორა ტრეიდი“-ს მიერ შპს „ნუგეში“-ს 100%-იანი წილის შეძენა წარმოადგენს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონცენტრაციას. აღნიშნული წილების შეძენით შპს „ნიკორა ტრეიდ“-მა მოიპოვა პირდაპირი კონტროლი შპს „ნუგეშ“-ზე.

შპს "ნიკორა ტრეიდი“-სა და "ნუგეში“-ს წლიური ბრუნვა, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლივად, საქართველოს ტერიტორიაზე, კონცენტრაციის წინა ფინანსური (2014) წლის მონაცემების გათვალისწინებით, აღემატებოდა კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რაც კანონის მე-111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოსთვის კონცენტრაციის შესახებ წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველია. ამასთანავე, შპს "ნიკორა ტრეიდი“, წილების შეძენის მომენტში, უკვე აკონტროლებდა ერთ ეკონომიკურ აგენტს. შესაბამისად, დაკმაყოფილებული იყო ყველა ფორმალური მოთხოვნა, რაც კონცენტრაციის მონაწილე სუბიექტებს, ხსენებული კონცენტრაციის განხორციელებამდე, სააგენტოს წინასწარი თანხმობის მიღების აუცილებლობას ავალდებულებდა.

"კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ ეკონომიკური აგენტების შერწყმის/გაერთიანების რეგისტრაციისათვის, რომელთაც ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია სააგენტოს დასკვნა მოსალოდნელი შერწყმის/გაერთიანების კონკურენციული ეფექტის თაობაზე. სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

ყურადსაღებია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი წარმოეშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს სააგენტოს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა. რაც შეეხება დასკვნის არ არსებობის შემთხვევას, ამ პირობებში კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უწესებს ვალდებულებას, რომ ამ უწყების მიერ, კონცენტრაციის რეგისტრაციისას გაკონტროლდეს ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან კონკურენციის კანონმდებლობის დაცვის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარის მ/წ. 26 თებერვლის N27 ბრძანების შესაბამისად, დადგინდა, რომ შპს "ნიკორა ტრეიდ“-სა და შპს „ნუგეშ“-ს შორის განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად დაირღვა "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და მე-111 მუხლის მოთხოვნები.

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სსიპ - კონკურენციის სააგენტოს, დარღვევის დადგენის მიუხედავად, სამწუხაროდ, არ აქვს მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტური და თანაზომადი სამართლებრივი ბერკეტი (ადმინისტრაციული სანქციის ან სხვა ფორმით), რომელსაც იგი გამოიყენებდა სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების გამოვლენის შემთხვევაში, რაც საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს.

აღნიშნული რეაგირების მექანიზმის არარსებობა საგრძნობლად აფერხებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დეკლარირებული მიზნების აღსრულების პროცესს, რითაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს არსებობას.

საზღვარგარეთის ქვეყნების კონკურენციის კანონმდებლობა, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებს სანქციას, კონკურენციის ორგანოს გვერდის ავლით (ან უარყოფითი პასუხის დროს) განხორციელებულ კონცენტრაციებზე. ხსენებული სანქცია საკმაოდ სოლიდურია და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის წინა წლის წლიური ბრუნვის 10%-მდე შეადგენს (მაგ: ეევროკავშირი, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ).

სააგენტო თვლის, რომ აუცილებელია, "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება ხსენებული მიმართულებით და სათანადო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციები დაექვემდებაროს შესაბამის სანქცირებას. უდავოა, რომ აღნიშნული მექანიზმის შემოღება იქნება მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი და გამოიწვევს მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენციას.

ხსენებულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საქართველოს მთავრობას წარედგინა შესაბამისი რეკომენდაცია "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით, რათა შესაბამისი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციები დაექვემდებაროს შესაბამის სანქცირებას ან/და დადგინდეს რეაგირების სხვაგვარი კონკრეტული მექანიზმი", - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.