მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნინიმო" - ფეხსაცმლის ბრენდი, რომელიც ნატურალური ტყავის გამოყენებაზე უარს პრინციპულად ამბობს

5e3febc66d812
ნუცა ბაზლიძე
09.02.20 17:55
3399
"ჩვენ ვაწარმოებთ ფეხსაცმელს, რომელიც იკერება ხელით, ყველანაირი აპარატისა და დანადგარის გარეშე. უარს ვამბობთ ნატურალურ ტყავზე. ვიყენებთ, ძირითადად, ფეხსაცმლის გობელინს, ტყავის შემცვლელს და სხვადასხვა ნაჭრებს, რომლებიც ტყავისგან არ არის დამზადებული. ჩვენ ვზრუნავთ ცხოველების უფლებებზე", - აღნიშნავს "ნინიმოს" მენეჯერი ნინო გვოზდიოვა BM.GE-ისთან საუბრისას.

როგორც BM.GE-მ გაარკვია, ბრენდის დამფუძნებელი ნინი მოსულიშვილია, რომელიც დიზაინერის ფუნქციასაც ითავსებს და ასევე, ამ ეტაპზე, ამერიკაში ექსპორტისთვის მოლაპარაკებებშია ჩართული.

"ზოგადად, საზღვარგარეთ შეკვეთებს ისედაც ვაგზავნით ხოლმე, ახლა კი დიზაინერი ამერიკაში აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ იქ მაღაზიებში მოხვდეს ფეხსაცმელები", - აღნიშნავს ბრენდის მენეჯერი ნინო გვოზდიოვა.

რაც შეეხება, საქმიანობის საწყის ეტაპს, როგორც "ნინიმოს" მენეჯერმა განგვიმარტა, ბრენდმა ოპერირება დამფუძნებლის პირადი სახსრებით განხორციელებული ინვესტიციის საშუალებით დაიწყო.

"მე-3 წელი დაიწყო, რაც პირველი ფეხსაცმელი გაიყიდა. პირველი ფეხსაცმელი დიზაინერმა საკუთარი ხარჯებით შექმნა, მეორე კი გაყიდვიდან მიღებული თანხით შეიქმნა", - განმარტავს "ნინიმოს" მენეჯერი.

ამ ეტაპზე, "ნინიმოში" მამაკაცის ფეხსაცმლის ხაზი არ არის წარმოდგენილი, თუმცა ბრენდის მენეჯერის განმარტებით, კოლექციებთან დაკავშირებით სიახლეები იგეგმება და არსებობს იმის ალბათობა, რომ სამომავლოდ "ნინიმოში" მამაკაცის ფეხსაცმელიც ვიხილოთ.

რაც შეეხება მოთხოვნას, ნინო გვოზდიოვას განმარტებით, ის ყოველთვიურად სტაბილურია, წინა წლებთან შედარებით კი თვალსაჩინოა მოთხოვნის ზრდა.

გამოწვევებზე საუბრისას "ნინიმოს" მენეჯერმა აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე, სირთულე ბაზარზე მეწაღეთა სიმცირის ფონზე გამოიკვეთა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს ბარიერი დროთა განმავლობაში გადაილახა. დღეისათვის საწარმოში, ფეხსაცმლის დამზადების პროცესში, 8-10 ადამიანია ჩართული, ბრენდს ასევე კონსულტანტი ჰყავს.

ცნობისთვის, მსურველებს "ნინომოს" პროდუქციის შეძენა სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე წარმოდგენილ შოურუმში, ასევე ონლაინ შეკვეთების საშუალებით შეუძლიათ. ბრენდის მენეჯერის განმარტებით, "ნინიმოში" ხშირად შეხვდებით 30-70%-იან ფასდაკლებას, ფეხსაცმლის სტანდარტული ფასი კი 150-600 ლარის ფარგლებშია წარმოდგენილი.