მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ იმუქრებიან...ვნახავთ, რას ააშენებენ ვაკის პარკში" - მერია "ბუდაპეშტის" ინვესტორს პასუხობს

5e298286daef9
ინგა მურუსიძე
23.01.20 15:24
2097
„ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რისი აშენებაც უნდათ, ვერ აშენდება",- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ კომპანია ჩათვლის, რომ არბიტრაჟში უნდა წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, რადგან მერია არ თვლის, რომ ვინმესთვის რამე აქვს ასანაზღაურებელი. ხმალაძე ინვესტორს მიმართავს, „ნუ იმუქრებიან“.

„მათი მხრიდან რა შეთავაზებებიც იყო სახელმწიფო უწყებების მიმართ, ისეთ შენობებს იTხოვდნენ, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებს და ამას რა თქმა უნდა ვერ მივცემდით. ერთი წელია მართლა მიდის მოლაპარაკებები, შევთავაზეთ არაერთი ფართი, რაზეც მათ უარი განაცხადეს. განცხადება ვნახეთ მშენებლობას ისევ ვუბრუნდებითო. ერთად ვნახოთ მეც და თქვენც - რას ააშენებენ, სასტუმროს არა, 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას მივცემთ... გამორიცხულია ის, რასაც ესენი ამბობენ. არ მივიღებთ ბრალდებებს, თითქოს მოლაპარაკება დესტრუქციულ რეჟიმში წავიყვანეთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიწის ფონდი მუნიციპალიტეტს საკმაოდ მწირი აქვს. დიდი ფართები მუნიციპალიტეტს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ რაც გვაქვს, იმის შეთავაზებები მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერის მოადგილის თქმით, იყო შეთავაზებები მათ შორის დიღომში რამდენიმე მიწის ნაკვეთის. რაც შეეხება სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორის განცხადებას, რომ ისინი ითხოვდნენ იმ შენობას, რომელიც აუქციონზე ვერ გაიყიდა და თანხასაც მეტს იხდიდნენ, ვიდრე ღირებულება იყო, ხმალაძე პასუხობს, რომ ეს ქონებები ვერ გადაეცემოდა.

„ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რისი აშენებაც უნდათ, ვერ აშენდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა და კამპანიურად გადაწყვიტეს, დაიწყონ სამართლებრივი დავა იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვა მიიღონ, მაინც ვერაფერს ააშენებენ. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მთავარი, ხოლო მეორეხარისხოვანია თუ როგორ მორიგდება მუნიციპალიტეტი და ეს კომპანია. ჩვენ შეთავაზებები გავაკეთეთ, ყველაფერზე უარი არ უთქვამთ, უბრალოდ თანხობრივად ვერ გროვდებოდა ეს ქონება. საერთო ჯამში, რაღაცაზე დავლაგდებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინმაერეობს და 6 მილიონიანი მიწის მონაცვლეობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არ არის ადვილი საქმე და ამას დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ნებართვა სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე 2013 წელს გაიცა. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გაასაჩივრა, თუმცა, საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო მოიგო. მას შემდეგ, მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, სასტუმროს მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. ცნობისთვის, სასტუმრო “ბუდაპეშტის” მთლიანი ღირებულება 22 მლნ დოლარია. 5 მლნ დოლარი პროექტში უკვე ჩადებულია.