მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" ექიმები გადაიკიდა" - ატარებს თუ არა კლინიკა "გული" გეგმიურ ოპერაციებს?

5df229e4be241
ინგა მურუსიძე
12.12.19 16:40
1758
"თუ ოპერაციები მწვავე და გადაუდებელია, მივდივართ წაგებაზე და ვაკეთებთ" - ასე უპასუხა  კლინიკა „გულის“ დამფუძენებლმა ანზორ მელიამ BMG-ის კითხვას, რომელიც გეგმიური ოპერაციების ჩატარებას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ კლინიკების წარმომადგენლების თქმით, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიურ ოპერაციებს აღარ ატარებენ. 

"ოპერაციების რიცხვი  შემცირებულია, მხოლოდ მწვავე ოპერაციებზე არ ვამბობთ უარს, თან იმ შემთხვევაში, თუ მწვავეებიც გადაუდებელია; ვაკეთებთ ოპერაციებს და მივდივართ წაგებაში. რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, 100%-იანი დატვირთვებისგან თავს ვიკავებთ“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, სიტუაციიდან ერთი გამოსავალი არსებობს - უნდა დაჯდეს სამინისტრო მედიცინის წარმომადგენლებთან ერთად და გამოსავალი ეძებოს.

„თავი რომ მოაქვს ჯანდაცვის მინისტრის ბატონ მოადგილეს, მოვიდეს ერთხელ, ჩემს ადგილას დაჯდეს და ნახოს რა დღეში ვართ ჩვენ, ექიმები, ავადმყოფები და მათი პატრონები; კარგად ნახონ, როგორ შავ დღეში ჩაგვაყენა ამ 520-ე დადგენილებამ. გიორგი გახარიას არც დაუმალავს და მაგათ უნდათ, რომ სამი-ოთხი კლინიკა არსებობდეს, ამდენი კლინიკები არ უნდა იყოს საქართველოშიო. კლინიკები მე გავხსენი?! 2013 წლამდე ვინც ვარსებობდით, ყველა დაბალ თანხებზე ვმუშაობდით, 2013 წლის შემდეგ რომ მომრავლდნენ საავადმყოფოები, ახლადგახნილები, რომლებსაც მილიონერები ვერ გახსნიდნენ, ამას მილიარდები სჭირდებოდა, თავად არ იციან ვინ გახსნა ეს კლინიკები?! თუ ჩემთან 150 ლარი იყო ინტენსიურ განყოფილებაში საწოლის ღირებულება, ამ კლინიკებში 800-900 ლარი იყო ფასი. მაგათ გაფლანგეს ეს ბიუჯეტი და კარგად მომუშავე კლინიკებს გვძირავენ. რესპუბლიკური საავადმყოფო გააპარტახეს, ექიმები გაიქცნენ და ახლა ეუბნებიან დაბრუნდით, მხოლოდ ჩვენ გვეყოლება ავადმყოფებიო - ეს არის საქმე?! ჯერ გაეხსნათ ეს კლინიკები, აეყვანათ ჩვენ დონემდე და მერე ჩავეძირეთ. ვერ ჩამძირავენ, მე პაციენტები მაინც მყავს და ველოდებით“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება მოლოდინს, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, მელია პასუხობს, რომ დიდი მოლოდინი არ აქვს.

„არაფერი მოლოდინი არ მაქვს, ველოდები არჩევნებს, როცა იქნება კოალიციური მთავრობა. ექიმებს ვეუბნები - 11 თვე როგორმე გავძლოთ. ექიმების 80% და მათ შორის მეც, 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდით, თუმცა მერე უარი ვთქვი „ოცნების“ მხარდაჭერაზე, ახლა ყველა გადაიკიდეს. ყველა ველოდებით არჩევნებს, ერთადერთი შველა იქნება არჩევნები“, - განუცხადა bm.ge-ის ანზორ მელიამ.