მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებაზე თავს იკავებს - 4 მიზეზი

601910a16a07a
ინგა მურუსიძე
02.02.21 12:52
706
პარტია "ქართული ოცნება" ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავის იკავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. სესია, როცა ამ საკითხზე უნდა ემსჯელათ, დღეს გაიმართება. პარტიის თამჯდომარე ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება  რამდენიმე ძირითად მოსაზრებას დაეფუძნა:

- რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს, თუმცა პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს.

- დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. დანარჩენ დეპუტატებს "ქართული ოცნება" აძლევს შესაძლებლობას, პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და შევიდნენ პარლამენტში.

- გარდა ამისა, "ქართული ოცნება" ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.

- ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი - პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.