მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებაში“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას "სირთულედ" არ მიიჩნევენ

62b038fb27d64
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.22 13:22
870
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი პირობების შესრულება რთული არ იქნება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირობების შესრულებაზე მუშაობა ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყება. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს პასუხისმგებლობა სხვა მხარეებმაც უნდა გაინაწილონ.

„24 ივნისს, როდესაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შემდეგ ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, რომელიც აქამდეც გვქონდა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ვმუშაობდით, გავაგრძელებთ მუშაობას. არ მგონია, იქ ჩამოთვლილი პუნქტები რაიმე სირთულე იყოს. ინტენსიური კომუნიკაცია იქნება ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. შევეცდებით ყველა პუნქტს დეტალურად მივყვეთ და არ იყოს მიზეზი იმის, რომ ვიღაცამ პუნქტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტი თქვას, მაგრამ ის ერთი - მთავარი, რაც არამხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომელიც თანაბრად უნდა გავინაწილოთ და ამას თავს ზემოთ ძალის პოვნა სჭირდება, რომ ტყუილები არ ილაპარაკონ და რადიკალიზაცია და პოლარიზაცია შეამცირონ. ეს ძალიან მარტივია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ კი ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა კანდიდატის სტატუსის მიღება მომავალში მაინც შეძლოს.