მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებას" 17 მლნ შესწირეს - დონორებს შორისაა ბიზნესმენები, რომლებმაც 47 მლნ-ის ტენდერები მოიგეს

5f9bd4228d7e9
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.20 12:50
2720
2020 წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებას"  17,086,626 ლარი შესწირეს, რაც მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 48%-ია. წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევებზე, მმართველი პარტიის დონორებს შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ ის ბიზნესჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებთან არიან დაკავშირებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" შემომწირველებთან პირდაპირ კავშირში მყოფმა ბიზნესებმა იანვარ-სექტემბერში 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. 

სულ პოლიტიკური შემოწირულობების მაჩვენებლები ასეთია (ტოპ 10):

1) ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 17,086,626 ლარი;
2) ლელო საქართველოსთვის -  5,075,844 ლარი; 
3) ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 3,735,583 ლარი; 
4) ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2,793,574 ლარი;
5) ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,279,850 ლარი;
6) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1,864,635 ლარი;
7) თავისუფალი საქართველო - 475,635 ლარი;
8) სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის - 336,555 ლარი;
9) სოციალური სამართლიანობისათვის - 320,989 ლარი;
10) ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები - 257,243 ლარი.

"მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე), დაახლოებით, 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი, „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია პოლიტიკური პარტიების 2019 წლის ფინანსების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშშიც მსგავსი ქმედებისთვის მოხვდა. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 8.1 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს. ასევე, დიდ ყურადღებას იქცევს შპს არსაკიძე-2000, კომპანია, რომელმაც 2020 წელს 1.4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს ლილო-მოლთან - მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან.

ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დაახლოებით 3.8 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ კომპანიებიდან აღსანიშნავია შპს ყვარლის ედემი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია. ეს კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.