14.ოქტომბერი .2020 14:55

"ოცნების“ შემომწირველ ბიზნესმენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სასამართლო დავაა-დეტალები

views 1424
უკან

KTW ჯგუფის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე, რომელიც არაერთი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეტი - ყურადღებისკენ, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ბიზესის მიმართ ლიბერალური მიდგომებისკენ მოუწოდებს.

საქმე იმაშია, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და KTW ჯგუფს შორის სასამართლო დავაა - წლების წინ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო კომპანიისგან 1 820 109 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს სთხოვს.

როგორც ირკვევა, დავის საფუძველი გახდა 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს “KTW ხობისთვის” ხობში მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სიმბოლურ 1 ლარად გადაცემა იმ პირობით, რომ 2 წლის ვადაში ინვესტორი ადგილზე თხილის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნიდა. საინვესტიციო პირობების თანახმად, „KTW ხობს“ 1 453 600 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, მაგრამ პროექტი ვადებში ვერ განხორციელდა.

KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე bm.ge-ისთან ირწმუნება, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც პროექტი დროულად ვერ შედგა, ბოლო წლებში მეთხილეობაში შექმნილი პრობლემები იყო, კერძოდ, ფაროსანა, რომელმაც მოსავლის რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა.

„როცა ქვეყანაში ფაროსანა მძვინვარებდა, თხილის გადამამუშავებელი ქარხნის გაკეთება მიზანშეწონილი არ იყო. ამდენად, “KTW ხობს” რომ საწარმო აეშენებინა, მაინც ვერ იმუშავებდა, რადგან იმ პერიოდში თხილის ხარისხი ძალიან დაბალი იყო“, - ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც მიაჩნია, რომ სახელმწიფო პროგრამა დასახვეწი და გასამარტივებელია, განსაკუთრებით კი, ისეთი შემთხვევების დროს, როცა პროექტის შემაფერხებელი როგორც - სუბიეტური, ისე ობიექტური მიზეზები არსებობს.

„პიროვნულად არავისზე მაქვს საუბარი, ვფიქრობ, თვითონ სისტემაა ცოტა მოძველებული. „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის დროს არის ორმხრივი თანხმობა, რომ ინვესტორი აკეთებს ინვესტიციას, ხოლო სახელმწიფო არის დაინტერესებული, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, ზოგადად, მოსახლეობის ინტერესი ის არის, რომ ადამიანები დასაქმდნენ; ჩვენი მაგალითი აღმოჩნდა ასეთი რთული, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გადახედილი, პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ არ ვითხოვთ, განსაკუთრებულ პირობებს, დავასახელე კონკრეტული მიზეზებიც. სისტემა უნდა იყოს უფრო მარტივი და ლოიალური. მესმის, რომ პასუხისმგებლობა აქვს ბიზნესს სახელმწიფოსთან, ასევე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მაგრამ როდესაც არის მსგავსი საქმე და არსებობს ხელისშემშლელი მიზეზები, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, მაშინვე სამართლებრივი ფორმით გარჩევა არ უნდა ხდებოდეს“, - ამბობს KTW ჯგუფის დამფუძნებელი.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მისი ბიზნეს-ჯგუფის მიდგომაა, რეგიონებში რაც შეიძლება მეტი საწარმოს შექმნა.

„KTW ჯგუფის ხედვა არის ის, რომ ნეტავ, ვინმემ გააკეთოს ადგილზე (ხობში) პროექტი, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. შენობა უკვე ისევ სახელმწიფოს, ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაა და მშვიდობაში მოიხმაროს. მოიყვანონ ინვესტორი და დამანახონ, რომ უფრო მეტად შეუძლიათ უკეთესი საწარმოს გაკეთება ან უფრო - სწრაფად. ზოგადად, ჩვენი მიდგომა ასეთია - ვიღებთ სოციალურ პასუხიმგებლობას და ყველა რეგიონში გვინდა, რაც შეიძლება მეტი საწარმო შევქმნათ, ეს არის ჩემი პრინციპი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მიზეზს კი არ უნდა ვეძებდეთ, ჩვენ ამოცანა უნდა ამოხსნათ, როგორ წავიდეთ წინ. ეს არის ჩემი მოწოდება იმ ხალხის მიმართ, ვისაც ეს შეუძლია. საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მეტი ყურადღება და ქონების ეროვნული სააგენტოს ქვედა დონეზე უფრო სწორი და ლიბერალური მიდგომა. არ უნდა იყოს აქცენტი იმაზე, აბა, ვის რა შეეშლება, პირიქით, უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს”, - აცხადებს KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.

BM.GE აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მეორე მხარეს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსაც დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ რადგან “KTW ხობმა“ ვადებში ვერ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულება, უძრავი ქონება სახელმწიფოს დაუბრუნდა. გიორგი დუგლაძის უწყებაში დეტალურად აღწერენ იმ პირობებს, რაც 1 ლარად გადაცემულ ქონებას მოჰყვებოდა.

„სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს "კატევე ხობს", ქალაქ ხობში, აიეტის დასახლებაში მდებარე 12 416 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2015 წელს, 1 ლარად, პროგრამით დადგენილი შემდეგი საპრივატიზებო პირობებით გადაეცა:

26.05.2017 წლამდე უძრავ ქონებაზე თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება;
26.05.2017 წლამდე, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 453 600 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;
წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 5000 ტონა თხილის გადამუშავება.

თუმცა, სამწუხაროდ კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც შპს „კატევე ხობს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 1 820 109 ლარის ოდენობით, ხოლო უძრავი ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს. დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 15 მაისს მიმართა სასამართლოს. დღეის მდგომარეობით საქმე განხილვის ეტაპზეა“, - აცხადებენ ქონების სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა