მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების“ მიერ მიშელის შეთანხმების ანულირება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს დონორებთან ურთიერთობაზე - Moody’s

61498d73c36b3
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 11:51
902
დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურია”.

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი.

რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მათ შორის ხაზგასმულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის ე.წ. “შარლ მიშელის” შეთანხმების ანულირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე.

“მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგისთვის უარყოფით რისკს წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იყო მიღწეული და მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმენილი უთანხმოებების გადაჭრას, იყო ანულირებული მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ. მომხდარმა ასევე შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა იმ მჭიდრო და ახლო ურთიერთობებზე, რომლებიც წარსულში საქართველოს ჰქონდა მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან,”- ნათქვამია Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

Moody’s-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ ისეთი რეფორმების ჩატარება, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემის რეფორმირება, პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება. ასევე შემცირებაა ნავარაუდევი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც, რაც მომდევნო პერიოდში პანდემიამდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ინფლაციის მხრივ კი Moody’s-ი ეთანხმება ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ ამჟამად მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია (12.8%) 2022 წლიდან მის სამიზნე მაჩვენებელს 3%-ს დაუბრუნდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინს “სტაბილურად” აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლები გაუარესდება და გაიზრდება საგარეო მოწყვლადობა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურისკენ” შეიძლება გადაიხედოს.

Moody’s-მა საქართველოს Ba2 დონის საკრედიტო რეიტინგი 2017 წლის ბოლოს მიანიჭა. პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს მთავრობას ჰქონდა იმედი, რომ ქვეყანა მომავალში რეიტინგის კიდევ ერთი საფეხურით გაუმჯობესებას შეძლებდა, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო, ამ მოლოდინმა მინიმუმ რამდენიმე წლით რეალური საფუძველი დაკარგა.