მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" 15-მა მსხვილმა შემომწირველმა 126 მილიონის ტენდერები მოიგო

5f06e8cdb950f
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.20 14:14
1197
"ქართული ოცნების" უმსხვილესი შემომწირველები ხშირად არიან კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ მრავალმილიონიან შესყიდვებში იმარჯევებენ, ან სულაც ტენდერის გარეშე უფორმდებათ პირდაპირი სამთავრობო კონტრაქტები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში ქართული ოცნების 15-მა მსხვილმა შემომწირველმა სახელმწიფოსგან 126 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა და მათ 15.7 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვებიც გაუფორმდათ. 

"2019 წელს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ 218 ფიზიკურმა და 24-მა იურიდიულმა პირმა გაიღო თანხა. კერძოდ, მმართველ პარტიას ფიზიკურმა პირებმა მთლიანობაში 4 991 166 ლარი შესწირეს, ხოლო იურიდიულმა პირებმა - 2 045 000 ლარი.

ამ შემომწირველებიდან ზოგიერთმა სახელმწიფო შესყიდვებიდან გარკვეული სარგებელი მიიღო. კერძოდ, „ქართული ოცნების” შემომწირველმა 9 იურიდიულმა პირმა და შემომწირველ ფიზიკურ პირებთან (რომლებმაც ჯამში 1 745 000 ლარის შემოწირულება გაიღეს) დაკავშირებულმა 15 კომპანიამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე 15 750 924 ლარის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი და 126 092 739 ლარის სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს.

ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევა. 2019 წელს შპს-მ „გ & კ ტექნოლოგი” და მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა „ქართულ ოცნებას” შესაბამისად 40 000 და 60 000 ლარი შესწირეს. ამ კომპანიამ კი 16 თვის განმავლობაში 28 376 575 ლარის 8 სახელმწიფო ტენდერი მოიგო. აბრამიშვილს სხვა წლებში თანხა შეუწირია სალომე ზურაბიშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”.

წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდი თანხით აფინანსებს. 2019 წელს მათ შორის ტრადიციულად ფიგურირებდა ზაურ ცხადაძე, რომელიც შპს „თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთი მფლობელია. ზაურ ცხადაძეს და მის ბიზნეს პარტნიორებს არაერთი შემოწირულება განუხორციელებიათ მმართველი პარტიების სასარგებლოდ. ამჯერად ცხადაძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა კახაბერ ჯაფარიძემ ერთსა და იმავე დღეს (2019 წლის 23 მაისს) „ქართული ოცნების” სასარგებლოდ შესაბამისად 60 000 და 40 000 ლარი გაიღეს. მხოლოდ ამ ორ პირს სხვადასხვა წლებში მთლიანობაში 260 000 ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ გაღებული. „თეგეტა მოტორსი” სახელმწიფო შესყიდვების ერთერთი უმსხვილესი მონაწილე და კონტრაქტორია. მაგალითად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე ამ კომპანიამ დაახლოებით 13 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები და 91 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო,"- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის კვლავინდებურად შედიან პირები, რომლებიც, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კუთვნილ ორგანიზაციებში მუშაობენ. 

"მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ამა თუ იმ ფორმით პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა. კერძოდ, 2019 წელს სავარაუდოდ ივანიშვილთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ და 16-მა ფიზიკურმა პირმა მთლიანობაში „ქართული ოცნების” სასარგებლოდ 753 000 ლარი გაიღო. ამავე პირებმა მმართველ პარტიას სხვადასხვა წლებში ჯამში თითქმის 2 მლნ ლარი შესწირეს. საინტერესოა, რომ ზოგიერთ მათგანს ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში აქვს პარტიისთვის თანხა შეწირული, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, წინასწარ ხომ არ იყო ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული,"- წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.