მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოჯახის ექიმები გახარიას და ტიკარაძის მორიგი სამიზნე აღმოჩნდნენ" - რა იცვლება ხვალიდან?

5eaa9d85c4631
ინგა მურუსიძე
30.04.20 13:51
1236
“ხვალიდან, 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებს და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-სზე ნაკლებია, ეს ბევრ ამბულატორიას და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს”, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.

“520-ე დადგენილებამ დარტყმა მიაყენა ჰოსპიტალურ სექტორს, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას აყენებს პირველად ჯანდაცვას”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და მთავრობის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. მისი თქმით, COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

“ჰოსპიტალური სექტორი დიდ სამოქალაქო და სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს, როდესაც კრიზისის პირობებში 520-ე დადგენილების შეცვლის მოთხოვნა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იგივე ნაბიჯების გადადგმა სამედიცინო სფეროს სხვა სექტორებში განაგრძონ,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ის მთავრობას მოუწოდებს, რომ შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების ფასდაუდებელი შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. ჭიაბერაშვილის აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.

ჭიაბერაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს.

“იმიტომაც არის საჭირო პაციენტთა ნაკადების მოწესრიგება, ყველა სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა მედპერსონალის დამცავი საშუალებებით და სწრაფი ტესტებით, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაში მათი დახმარება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ სხვა დაავადებების მკურნალობაც უწყვეტად გაგრძელდეს,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.