მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

62ffca7ba3ac8
BM.GE
19.08.22 22:00
902
ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამ წლიანი შეზღუდვის შემდეგ, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ყველა მსგავსი განვითარება და ნაბიჯი ცალსახად მისასალმებელია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენაა მიმართული.

"ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კუთხით გამოწვეული უმძიმესი ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები მუდმივ რეჟიმში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.