21.აგვისტო .2019 17:40

"ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენას ორი წელი დასჭირდება" - რუსული მედია

views 272
უკან

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში აფხაზეთში, დეფაქტო ე.წ. პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს "როსავიაციის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო ტრანსპორტის კავშირების ორგანიზება განიხილეს და იმსჯელეს სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხებზე. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს "როსავიაციის" უფროსის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარე ვიზიტის მთავარი მიზანი სოხუმის აეროპორტის მდგომარეობის შესახებ პროფესიონალური დასკვნის გაკეთებაა.


”საჭიროა, გადავხედოთ რა მდგომარეობაშია სოხუმის აეროპორტი, რომ შევადაროთ კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები და განვსაზღვროთ მომავალში გადაადგილების გზები, რათა გაიზარდოს მოსახლეობის მოძრაობა. ამ ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ განვსაზღვრავთ რეალისტურ დროს, აეროპორტის აღსადგენად", - თქვა მან.

თავის მხრივ, ოკუპირებული სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერმინალის რეაბილიტაციას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება.  მხარეებმა ასევე განიხილეს სოხუმის აეროპორტისთვის სპეციალისტების მომზადების საკითხიც. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსული საავიაციო სკოლები მზად არიან, მოამზადონ აფხაზები.

ცნობისთვის: ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტს რუსული კომპანია შპს "აერონვესტი" ახორციელებს.