მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომის გაკრიტიკების გამო, საკუთარი ბანკის გაყიდვა მაიძულეს, მძევალივით ვიყავი" - ოლეგ ტინკოვი

626fa4e6eb4c5
გიორგი თოლორდავა
03.05.22 00:30
2200
ოლეგ ტინკოვი რუსი მილიარდერი მეწარმე და ბიზნესმენია, რომელმაც საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი 2006 წელს ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ციფრული საფინანსო ორგანიზაციის - Tinkoff Bank-ის დაფუძნებით შექმნა. გასულ კვირას ტინკოვის ოჯახმა Tinkoff Bank-ის მშობელი ჰოლდინგური კომპანიის, TCS Group-ის წილი გაყიდა.

The New-York Times-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას ბანკის გაყიდვის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად.

„ფასის განხილვის უფლება არ მომცეს. მძევალივით ვიყავი, იძულებული გავხდი იმაზე დავთანხმებულიყავი, რაც მათ შემომთავაზეს - მოლაპარაკების უფლება არ მქონდა. ზუსტ ფასს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აქტივის რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 3% გადამიხადეს, „კაპიკებში“ მომიწია ჩემი ქონების დათმობა“, - განაცხადა ოლეგ ტინკოვმა.

TCS Group-ის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია Interros გახდა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის.

ტინკოვის განმარტებით, ყველაფერი გასულ თვეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ საჯარო პოსტს უკავშირდება, რომელშიც მან რუსეთის მთავრობა და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი გააკრიტიკა. მისი თქმით, პოსტის გავრცელებიდან ერთ დღეში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ბანკი არ შეიცვლიდა სახელს და არ გაწყვეტდა მის მფლობელთან კავშირს, ის ნაციონალიზაციას დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა.

NYT-სთან ინტერვიუში ბიზნესმენმა არ გამორიცხა, რომ შურისძიება, შესაძლოა, მხოლოდ მისი კომპანიისგან ჩამოშორებით არ დასრულდეს და საფრთხე მის სიცოცხლესაც კი შეექმნას.

„მე არ მჯერა რუსეთის მომავლის. არ ვაპირებ ჩემი სახელი და ბრენდი დავუკავშირო იმ ქვეყანას, რომელიც მეზობლებს უმიზეზოდ თავს ესხმის“, - განაცხადა ტინკოვმა.

აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობისგან დისტანცირებას, მიუხედავად ამისა, ის მაინც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.