მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოპოზიცია თავის შანსს ვეღარ ხედავს და დესტრუქცია ერთგვარი ხავსია" - ირაკლი კობახიძე

5fa01e6fa1eb1
ინგა მურუსიძე
02.11.20 19:40
905
ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, აცდენილია რეალობის ობიექტურ აღქმას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას.

„სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20% და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ეხმაურება არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს, რომ ოქმებში მონაცემები არაზუსტია, კობახიძის თქმით, დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რის მიზეზიც ადამიანური შეცდომაა.

„ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ამ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა - ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე, მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე.

„ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში“, - ამბობს კობახიძე.