მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს" - ევროპარლამენტარი "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობაზე"

6101a33d0943b
თამთა ჯიჯავაძე
28.07.21 22:26
1442
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს.

ევროპარლამენტარი Euractiv-სთვის დავით ზალკალიანის მიერ მიცემულ ინტერვიუს აზიარებს, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ "ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა". ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ზალკალიანის ეს განცხადება განსაკუთრებით სასაცილოა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარის თქმით, "უდიდესმა ოპოზიციურმა პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" არც კი სცადა ევროკავშირთან საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ზურკს უკან. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ".

შეგახსენებთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმების "ამოწურვის" და "ანულირების" შესახებ გააკეთა განცხადება:

"დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში ქართული ოცნების მხრიდან ამ შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.