მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პაციენტები უკვე გვყავს" - „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ covid-19-ის მართვაში ჩაერთო

5f9805c23b653
ინგა მურუსიძე
27.10.20 15:54
1132
Covid -19 –ის მართვის პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ, 26 ოქტომბერს გამართული უწყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ  "მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში და შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს აქვს". "ეს ვალდებულება აქვთ იმ ექიმებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულები“, - აღნიშნა მინისტრმა. 

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ „საქმის კურსის“ ეთერში თქვა, რომ კერძო სადაზღვევო სექტორი მხოლოდ მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.

„კოვიდ ინფექციის დადასტურების შემდეგ, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ფინანსური და მატერიალური კომპონენტი თავად მართოს. ჩვენი მხრიდან ჩართულობა მოიცავს მხარდაჭერას, რომ გამოვათავისუფლოთ ოჯახის ექიმების რესურსი და გადავუხადოთ მათ დამატებითი ანაზღაურება იმისთვის, რომ სწორედ ბინაზე დატოვებული პაციენტები სწორად იმართოს. რაც შეეხება გადამისამართებას, ამას ქოლ-ცენტრის მეშვეობით ისედაც ვაკეთებდით. ჩვენს დაზღვეულებს ვაძლევთ ზუსტ მისამართებს, თუ სად არის კოვიდ-ცენტრები. სწორედ ასე გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუკი პაციენტი დამძიმდება“, - განახადა ნინო კობახიძემ.

მისივე თქმით, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ" 70-მდე ოჯახის ექიმი უკვე გამოათავისუფლა და დასრულებულია მიერთება 112-ის ქსელთან, რაც იმას გულისხმობს, რომ პაციენტები დამზღვევ კომპანიებში გადამისამართდებიან.

რაც შეეხება დამატებით ხარჯებს, რომელიც შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიებს გაუჩნდეთ, ნინო კობახიძე ამბობს, რომ ხარჯებს, ჯერჯერობით, ვერ ითვლიან.

„ჩვენ კომპანიას უკვე 4-მა თუ 5-მა ადამიანმა მომართა, რომელსაც უკვე კოვიდი დაუდასტურდა და ჩვენი სამართი გახდება. რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინით გვაქვს მიღებული, ჩვენს მიერ იქნება ანაზღაურებული, ეს არ არის დიდი თანხა. როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე არ არსებობს ერთიანი მედიკამენტოზური მკურნალობის გაიდლაინი და მხოლოდ სიცხის დამწევებზეა აქ საუბარი. ხოლო ხარჯებს დავითვლით ალბათ ბოლოს, როცა პროცესი დასრულდება, მანამდე ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, რომ სახელმწიფოს ბოლომდე დავუდგეთ ამ პროცესში“, - განაცხადა კობახიძემ.