მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიამ ავიაცია თავდაყირა დააყენა" - AK Air Georgia-ს შეფასება

62dbc6bf8a786
თათია კაკიაშვილი
23.07.22 18:40
846

„პანდემიამ თავდაყირა დააყენა ავიაცია და არა მხოლოდ ავიაცია, არამედ ყველა სექტორი“, - ამის შესახებ ავიაკომპანია AK Air Georgia-ს  ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა BMG DRIVE-თან ინტერვიუში დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გლობალური ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

“2019 წელთან შედარებით, დღეს ავიასაწვავი გაორმაგებულია”, - ამბობს ირინა მღებრიშვილი.

მისივე თქმით, საგრძნობლად გაზრდილია თვითმფრინავების ყველა ნაწილის ღირებულების ფასი და სწორედ ამიტომაც გაძვირებულია შიდა ფრენების თვითღირებულებაც, მაგრამ მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, ჯერჯერობით, შიდა ფრენები არ გაძვირებულა და პანდემიამდელ ფასებს ინარჩუნებენ.

“პანდემიამდე თუ თვითმფრინავის ძრავი 275 ათასი დოლარი ღირდა, დღეს 500 ათასი ღირს. 2022 წლის ზაფხულის ფასების მიხედვით, ძრავის რემონტის ღირებულება 500 ათასი დოლარია, ხოლო ახალი ძრავის შეძენა 700 ათას დოლარადაა შესაძლებელი; წარმოიდგინეთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი, თან გასათვალისწინებელი ისაა, რომ თვითმფრინავებს ორი ძრავი აქვთ, ეს კი ერთი ძრავის ღირებულებაა. გაორმაგებულია პროპელერების რემონტის ფასიც, მასთან ერთად - საბურავის ღირებულებაც.

რა თქმა უნდა, 2019 წელთან შედარებით, 2-ჯერ გაძვირდა საწვავიც. პანდემიამ თავდაყირა დააყენა ავიაცია და მხოლოდ ავიაცია არა, ყველა სექტორი,” - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, AK Air Georgia საქართველოში შიდა ფრენებს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ბილეთების ფასი ასე გამოიყურება: 

ნატახტატი-მესტია-ნატახტარი - 180 ლარი;

ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი - 100 ლარი;

ნატახტარი - ბათუმი - ნატახტარი - 250 ლარი;

მესტია - ქუთაისი - მესტია - 100 ლარი.