მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პარაგრაფი" ხვალ იხსნება - რატომ არ იღებდა სასტუმრო ვიზიტორებს ამ დრომდე?

5f0d81feefa81
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.20 14:09
3586
სასტუმრო „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ხვალ, 15 ივლიის მიღებს დამსვენებელს, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სასტუმრო სტუმრებს საქართველოს მთავრობის და "მერიოტ ინტერნეიშენელის" მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით მიიღებს.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვადევნებდით თვალყურს საქართველოს მთავრობის და ასევე, ბრენდის მიერ წარმოდგენილ ახალ სტანდარტებს და განახლებულ პროცედურებს, რომელთა დანერგვაც მოხდა "პარაგრაფის" ყოველდღიურ საქმიანობაში. რაც შეეხება სიახლეებს, რამდენიმე პროექტი მუშაობის პროცესშია და მალე ჩვენს სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზებს შევთავაზებთ“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კითხვაზე - რატომ იხსნება სასტუმრო შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ მხოლოდ ახლა, სასტუმროს მმართველ „თანაინვესტირების ფონდის“ ადმინისტრაციაში BM.GE-ის უთხრა, რომ „სასტუმროში ჩატარდა გეგმიური სარემონტო და ასევე მცირე კოსმეტიკური სამუშაოები“.

რაც შეეხება ადგილობრივების მხრიდან მიმართვიანობასა და სასტუმროს ჯავშნების დატვირთულობას, თავად სასტუმროს ადმინისტრაციაში კონკრეტულ რიცხვებს არ ამბობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ დატვირთულობა საკმაოდ მაღალია.

"დღეის მდგომაროებით, შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქართველი ვიზიტორების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, რაც განაპირობებს პროცენტული დატვირთულობის ზრდას, თუმცა ზუსტ ციფრებზე საუბარი რთულია. აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ყოველთვის, სასტუმროში დამსვენებლებს შევუქმნით უსაფრთხო და რაც მთვარია, კომფორტულ გარემოს“, - აღნიშნავენ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“.

ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ განთავსების ღირებულება წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

„მსოფლიოში და მით უფრო ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროს მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაეხედა განთავსების ღირებულებისთვის, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ფასები ფიქსირებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული მაჩვენებელი არის დინამიური მონაცემი და განპირობებულია თარღით, ოთახის კატეგორიით და დამატებით სარგებლებით. კონკრეტული თარიღების მიხედვით განთავსების ღირებულება შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ამბობენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“, 2017 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დამსვენებლების ძირითად ნაწილს (70%-ს) სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს.

„თუმცა წლიდან წლამდე იზრდებოდა უცხოელი ტურისტების მხრიდან დაინტერესებაც, რაც ასევე პოზიტიურად აისახებოდა სასტუმროს დატვირთულობაზე. ბოლო წლების სტატისტიკის გათვალისწინებით უცხოელი დამსვენებლების ძირითადი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფიქსირდება. რაც შეეხება მოლოდინებს, ველოდებით საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებების შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ, აღნიშნული სტატისტიკა კვლავ პოზიტიურ ჭრილში გაგრძელდება და შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ საქართველოს პოპულარიზაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - უთხრეს BM.GE-ის სასტუმროს ადმინისტრაციაში.