11.ოქტომბერი .2019 11:07

"პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ"

views 235
უკან

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" მასპინძლობს.

კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის მოწვევით, საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ.

ღონისძიების ფარგლებშივე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - ალბანეთის, საქართველო - ყაზახეთის, საქართველო - უზბეკეთის და საქართველო - პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ორგანიზატორია. ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფებიან ბიზნესომბუდსმენები ექვსი ქვეყნიდან. აღნიშნული კონფერენციის ორგანიზება, კოლეგა ინსტიტუტების წარმომადგენლების მოწვევა და მემორანდუმის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის დანერგვა ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიებისთვის ორი მიმართულებით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს ორგანიზაციები ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაა შექმნილი, მათ შორის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათი გამოცდილება ინვესტიციების შენარჩუნებისა და ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმების საკითხებში. მეორეს მხრივ ეს არის უცხოურ ბაზრებზე ქართული კომპანიების დაცვის ახალი ბერკეტები. პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ. ჩვენ ვფიქრობთ, კოლეგა ბიზნესომბუდსმენების დახმარებით ვქმნით დამატებით ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად, იქნება ეს საკონსულტაციო მიმართულება თუ უფლებების დაცვა."- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირის დამყარება არა მხოლოდ ამდიდრებს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, არამედ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დადგენასაც უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით, ბიზნეს სუბიექტების უფლებებისა და ინტერესების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმეებისთვის. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა მეწარმეთა დაცვის სფეროში გამოცდილების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უზბეკეთისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმომადგენლების დაცვას ნეგატიური გავლენებისგან მათ მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში" - განაცხადა უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა.

კონფერენციის მიზანია ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიური საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია ეწვია. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენ მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერები არიან პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი" და მედია სააგენტო „კლიპარტი".