20.ივნისი .2021 17:43

"პენსიონერს შესაძლოა მიეცეს უფლება აირჩიოს, თუ რომელ ბანკში აიღოს პენსია" - კანონპროექტი

"პენსიონერს შესაძლოა მიეცეს უფლება აირჩიოს, თუ რომელ ბანკში აიღოს პენსია" - კანონპროექტი
views 18525
უკან

პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს, - სწორედ ამას ითვალისწინებს ცვლილებები "სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში", რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი ვაშაძემ, პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ტარიელ ნაკაიძემ დააინიცირეს პარლამენტში.

საკითხის განხილვა ხვალ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იწყება. ოპოზიციონიერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ საპენსიო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი არა 36%, არამედ გაცილებით ნაკლები იყოს.

"რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამ პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს პენსიის გაცემის უფლების ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მონოპოლიზება წარმოადგენს. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც. პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს.

ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას დანაკლისით იღებენ. სწორედ ასე იქცევა „ლიბერთი ბანკიც“.

ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში დაერიცხება ხელფასი და ამ ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მას შეუძლია გადავიდეს სხვა ბანკში, სადაც იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, უფრო დაბალი განაკვეთი სახელფასო ავანსზე. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მსგავსი კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ვაშაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ საპენსიო კანონში უნდა ჩაიწეროს: "პენსიონერს უფლება აქვს, თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება", ხოლო ცვლილებები 2021 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

"ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით აპრილში სპეციალური სხდომაც გაიმართა, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი და ბანკის გენერალური დირექტორი დაესწრნენ. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ფრაქცია მოქალაქეების წევრებმა "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ირაკლი რუხაძესთან და ბანკის გენერალურ დირექტორთან ვასილ ხოდელთანაც გამართეს შეხვედრა.

"ლიბერთი ბანკი" პენსიების ადმინისტრირების უფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ფლობს. წინა ტენდერის მსგავსად, "ლიბერთი ბანკის" გარდა ამ ტენდერში მონაწილეობა სხვა არც ერთმა კომერციულმა ბანკმა არ მიიღო.

ინფორმაციისთვის, “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა პარლამენტში 12 აპრილს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საპენსიო კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც არც ძვირია და არც იაფი, არამედ “საბაზრო” განაკვეთია.